რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
სუსისვე ცნობით, ილია ლუტიძის, ნიკა მამასტარაშვილის და ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.
სუსი ასევე წერს, რომ “საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.”