1
სამოქალაქო აქტივისტი, ცაბუნია ვართაგავა:
სამი დღეა ამ პოსტის დაწერას ვფიქრობ, ყველა ჯერზე გული მიჩუყდება და ვეღარ ვაგრძელებ.
საქართველოში რომ ცხოვრობ, მშობლობა უკვე რთული და სანერვიულოა და ახლა წარმოიდგინეთ – აქტივისტის მშობლობა. უამრავი სტერეოტიპის, თაობებს შორის განსხვავების, შიშის და ბევრი პირადი ბრძოლის მიუხედავად მაინც რომ შვილების მხარეს დგანან.
ყველა ჩვენგანის მშობელი წინასწარ არის შეგუებული, რომ საკუთარი ჯანმრთელობით, თავისუფლებით და ხშირად სიცოცხლითაც კი ვრისკავთ.
დედაჩემი ორ სტრატეგია აქვს. როცა სახლიდან გასული ვარ, ორ საათში ერთხელ მირეკავს და მეუბნება:
– ხომ გახსოვს, ბრმა ვარ.
– მერე?
– წნევიანი ვარ.
– მეეეერე?
– ინსულინსაც ვერ გავიკეთებ ჩემით.
– მეეეეერე? მიწყდება მოთმინების ძაფი.
– არაფერი, იცოდე რომ როგორც კი შენს დაჭერას გავიგებ, მოვკვდები – მეუბნება სხაპასხუპით და სანამ კივილს დავიწყებ, მითიშავს.
აქციაზე წასასვლელად ემზადები? ჯერ ტოლმა გააკეთე, ჯერ ხაჭაპური გამოაცხვე, ჯერ სარეცხი გარეცხე, მერე გაფინე. დრაკონს რომ ვამარცხებ ბოლო სერიაში, ახლა სახლი გამოგავე და მერე წადიო, მეუბნება. ჰგონია, რომ ამით ცოტა ხნით მაინც მაკავებს სახლში და დაჭერამდე დროს მიხანგრძლივებს.
შვილს რომ გიჭერენ, ალბათ მაგას ვერასდროს შეეჩვევი, ამიტომ, როცა მაროს დედას ვურეკავ მორიგ ჯერზე, სუნთქვით ვარჯიშებს ვიწყებ. თან, როცა შვილისგან შორს ხარ, ორმაგად სანერვიულოა.
-თეა.
-ჰო
– დაიჭირეს ისევ…
მერე ტელეფონს ცოტა შორს ვიჭერ, იმიტომ რომ მაროზე უარესად გულისგამგმირავი ხმა აქვს, მოთქმას რომ მორჩება, ეგრევე რკვევას იწყებს სადაა, როგორაა, რა სჭირდება. 15 წუთში ერთხელ მირეკავს, რამე ახალი ხომ არ გამიგია.
– ლადო ბიძია, მაროს “პერედაჩისთვის” მივდივარ და წიგნს ავიღებ თქვენი სახლიდან, წინა დაჭერაზე დამიბარა, სადაც უდევს მეთქი. ჭიშკართან დამხვდა. ვდგავარ, ვერაფერს მეუბნება, ვერაფერს ვეუბნები. მერე მხრებს იჩეჩავს, რა ვქნა, ასეთი გავზარდე, ოდესმე ბავშვობაში რომ გამელახა, შეიძლება უფრო მორჩილი გამოსულიყო, რაღა დროსიაო, ცდილობს უხერხული დუმილი ხუმრობით დაარღვიოს. წიგნების კარადასთან ვდგავარ და უხერხული დუმილის გასაფანტად წიგნებს ვაფასებ. ამას არ შემატანინებენ, მყარი ყდა აქვს, ეს იმსისქეა, ბლაგვ იარაღად გამოდგება, ეს წაკითხული აქვს, ეს ალბათ ბარბარესია…. მერე ვტრიალდები და სამყაროში ყველაზე შაბლონურ ფრაზას ვეუბნები
-კარგად იქნება ყველაფერი.
თუ რამე ახალი გაიგე, დამირეკეო მთხოვს და ჭიშკრამდე ისევ მდუმარედ მაცილებს.
კერენის მშობლები ცალკე სტატუსს კი არა, ცალკე უამრავ სტატუსს იმსახურებენ 🫶
ჯერ კიდევ წინა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებიდან მახსოვს ორივე. ყოველთვის შორიახლოს არიან, რაღაცნაირი სიამაყენარევი სიყვარულით უყურებენ ყოველთვის თავის შვილს, ეგეევე რომ შეატყობ, ყველაფერში მხარს უჭერენ და აძლიერებენ. კერენის დაჭერამდე დიდად კომუნიკაცია არ გვქონია, ვესალმებოდი უბრალოდ, როგორც ყველა სხვა თანამებრძოლს.
– 2008-შიც ვიცოდი სად იდგა, რას აკეთებდა, ვის ებრძოდა და ახლაც ვიცი სადაც დგას, რასაც აკეთებს და ვის ებრძვისო. რუსის ტანკს გადაუდგა წინ ომის დროს და ქართული ოცნება ვერ შეაშინებსო – ინტერვიუს აძლევს მამა რომელიღაც არხს. მივდივარ, მეთქი ნომერი ჩამაწერინეთ, რამე სიახლე რომ იქნება, შეგეხმიანებით. აბა, ჩემი გამხნევება არ სჭირდებათ, ყოჩაღად არიან და სჯერათ, რომ მისი შვილიც ყოჩაღადაა. სასამართლოს წინა საღამოს მამა მეკითხება, რუპორი მანქანაში დევსო? ხომ ვიცი, ხვალ რომ გამოვა ყვირილი მოუნდება და მომე, სახლში წავიღებ, დავტენი და დავახვედრებო. ვაჰ, მეთქი, აი, ზრუნვის და შვილზე ფიქრის რომელი ხარისხია ეს…
ასეთი ამბებიც დგას ჩვენი ბრძოლების უკან… მშობლებსაც აქვთ ბრძოლები – საკუთარ თავთან, სოციუმთან, რუსულ რეჟიმთან...