გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრი ანალენა ბერბოკი განცხადებას აქვეყნებს, სადაც იგი საქართველოში არსებულ სიტუაციას აფასებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნებაა“, რომელიც ხალხის ნებას წინ აღუდგა, ძალადობრივად ახშობს ხალხის ხმას.
მინისტრის თქმით, მხოლოდ ამ პარტიის გადასაწყვეტია ახლა, მიიღებს თუ არა ზომებს ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, რომელიც თავადვე შექმნა და დააბრუნებს საქართველოს ევროპისა და უკეთესი მომავლის შენების კალაპოტში.
„ხანდაზმული ქალები, რომლებიც უძლებენ ყინვას და არ აშინებთ ძალოვანი უწყებების ხელკეტებს; ახალგაზრდები, რომელიც წყლით ერთიანად გაჟღენთილები უპირისპირდებიან ჭავლის მანქანებს და არაფერი აქვთ ხელში ევროკავშირის დროშების გარდა; ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც მხეცურად სცემეს და გაიტაცეს — ათობით ათასი ქართველი, საქართველოს პატარა და დიდ ქალაქებში მამაცურად იბრძვის და მართავს დემონსტრაციებს საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე განაგრძოს სვლა. ისინი გულით ატარებენ ევროპას და ეს პროევროპული პროტესტია მათი ხმა. თუმცა ხალხის მიმართ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების პასუხი დაშინებაა, ძალადობა და წყლის ჭავლის მანქანები. ანტიევროპული გეზით „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად გაყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რეალურად შეაჩერა იგი. ევროკავშირში ახლა უნდა განვიხილოთ ისიც, რომ ოფიციალურადაც შევაჩეროთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც „ქართული ოცნების“ მზარდად ავტორიტარული პოლიტიკის შედეგია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბერში დაკავშირებული იყო იმასთან, რომ არსებობდა რეფორმების გატარების შესახებ მკაფიო პირობა. ეს ყოველთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვისაც. მაგრამ ნაცვლად პროგრესისა, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას: არჩევნები, რომელიც მწვავედ გააკრიტიკეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა; არათანაბარზომიერი ძალადობა დემონსტრანტებზე; ე.წ. „გამჭვირვალობის კანონი“ და ლგბტქი უფლებების შეზღუდვა. ასე ფლანგავს „ქართული ოცნება“ ისტორიულ შესაძლებლობას, რაც ევროკავშირმა ქვეყანას შესთავაზა.
უკანასკნელ თვეებსა და კვირებში, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ და კიდევ დააშორა ქვეყანა ევროკავშირს, შესაბამისად, საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ათწლეულების მანძილზე განმტკიცებული პარტნიორობა გერმანიასთან. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ მხარდამჭერი პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონ ევროს აღემატება. ამავე დროს, კონსულტაციებს გავდივართ ევროკავშირის პარტნიორებთან, შემდგომი ზომების შესახებ, რაც მოიცავს ნაბიჯებს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებიდან მიზნობრივ სანქციებამდე.
ბურთი ახლა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათი გადასაწყვეტია, გააკეთებენ თუ არა ყველაფერს, რომ დაასრულონ ღრმა პოლიტიკური კრიზისი, დაიბრუნონ ნდობა და შესთავაზონ ქართველ ხალხს რეალური პერსპექტივა — ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგი მომავალი ქართველებისთვის“, — ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ პარტია, რომელიც ფლობს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს პრეზიდენტის გარდა, 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. კობახიძის ამ განცხადებამ გაამწვავა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი და უკვე 29-ე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტი მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს. ძალოვნებისა და მათთან დაკავშირებული ზონდერების მიერ, დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი.