გუდაურში, ერთ-ერთ რესტორანში მოწყობილ საძინებელში 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი - შსს

1 week ago 3

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში ნაპოვნია, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც 13 დეკემბერს, სავარაუდოდ, მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.

გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ - კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.

სრულად წაკითხვა