შორენა მარსაგიშვილი
შეძლებს თუ არა ხელისუფლება ხალხის დატერორებას? რომელ ხავსს ეჭიდება „ქართულ ოცნება“? რას არ მიიღებს არასოდეს ქართველი ახალგაზრდობა? დაიხმარებს თუ არა ივანიშვილი რუსეთს ძალაუფლების შესანარჩუნებლად? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი:
_ ბატონო დავით, ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებაში გამართულ ბრიფინგებზე საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე, ისტერიულად იცინის. ეს სიცილი რისი მანიშნებელია: დასცინის ხალხს, ნერვიულობს, თუ ისტერიკაშია ივანიშვილის ხელისუფლება?
_ ასეთი ქცევა არანაირად არ შეესაბამება მის თანამდებობას, ეს რაღაც უფრო ფსიქოლოგიურ პრობლემებს უნდა უკავშირდებოდეს. ამაზე ჩემზე უკეთ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ისაუბრებენ. ის კი ცხადია, რომ პრემიერი და მთელი ხელისუფლება პოლიტიკური პროცესების მიმართ არაადეკვატურია.
_ ირაკლი კობახიძის განცხადებებზე რას ფიქრობთ? ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს პროტესტი პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებულად წარმოაჩნოს, მათ ყველა განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს „ნაცმაიდანი“.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არის ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ის მხოლოდ პროცესის ნაწილია და მეტი არაფერი, ხელმძღვანელი ამ პროტესტებისა, რაც საზოგადოებიდან წამოვიდა ნოემბრის ბოლოს, ნამდვილად არ არის. მთელი ეს წლები გამუდმებით გაიძახოდნენ, ცხრა წელი, ცხრა წელი. ოდესღაც ეს გასდიოდათ, ოდესღაც ამის გამო საზოგადოება მართლა ჩერდებოდა, არ გამოდიოდა ქუჩაში,
ამ ხელსუფლების არაადეკვატურობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისგან თავს იკავებდა. ამ ყველაფერს ახლა რაღაცნაირად ყავლი გაუვიდა და აგერ ის თაობა მოვიდა, რომელსაც სულ არ ესმის, რაზეა ლაპარკი.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოძველებულ ხავსს ეჭიდებიან ისევ, რომ დაუპირისპირდნენ საკუთარი ერის ყველაზე უფრო აქტიურ, ენერგიულ ნაწილს, რომელსაც არანაირად არ შეუძლია მიიღოს გაყინული, აფერისტული სახეები, ისეთი სახეები, როგორიც აქვთ ამ კობახიძეებს, პაპუაშვილებს და სხვებს.
_ არჩევნებამდე ხალხს აშინებდნენ, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, ომი იქნებაო. ახლა აშინებენ, „ნაცმაიდანია“ ეს ყველაფერიო. გაჭრის მაიდნის თემა? „აბა, ომი გინდამ“ მეტ-ნაკლებად იმუშავა.
_ ძალიან მდარე ხარისხისაა ეს ყველაფერი. თუ არ გინდა მაიდანი, დაძაბულობა, რევოლუცია, ნერვიულობა, მაშინ ნუ იპარავ არჩევნებზე ხმებს, ნუ ეხები იმას, რაც საზოგადოების მოწინავე ნაწილს ყოველთვის ჰქონდა მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული. საქართველო რომ ევროპის ნაწილია ამას ნუ დაუპირისპირდები და აღარ იქნება დაძაბულობა.
ახალგაზრდები ვერ ითმენენ ვერც სიყალბეს და ვერც ძალადობას. ამას პასუხობენ, როგორც შეუძლიათ, მათ შორის, ნოვატორული მეთოდებით. ამის გამო იმათ ნუ აწამებ და ნუ ცდილობ, დაამცირო ფიზიკურად და მორალურად. ეს ყველაფერი დაგიცავს გნებავთ, მაიდნისგან, გნებავთ, სამოქალაქო დაპირისპირებისგან. მაგრამ შენ ამას პირიქით აკეთებ და ამ ყველაფერს მეთოდად იყენებ, ამით გინდა ძალაუფლებაში დარჩენა, ამით გინდა, რომ შენ იყო საზოგადოების ნაღები, სარგებლობდე ყველა პრივილეგიით, ქმნი რაღაც კლანს, რომელმაც ეს ფეოდალური პირამიდა ააწყო და ბიძინაა სათავეში, სადღაც შუა გზაზე კობახიძეები და კალააძეები არიან. ამას ნიღბავ იმით, რომ ახალგაზრდებს მაიდანი უნდათ. ვერასდროს მოიგებ საზოგადოების გულს.
არავის უნდა არც ომი, არც შიდა დაპირისპირება და არც შიდა არეულობა. საზოგადოებას არც ის სიყალბე უნდა, რომელიც ლამის ყოველი კუნჭულიდან ჩანს, როდესაც ამ ხელისუფლებას უყურებს.
_ სიყალბეს ახალგაზრდობა არ იღებს და არც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, მაგრამ არსებობს შიშის ფაქტორი. შიშის დათესვას თუ შეძლებს ხელისუფლება? რაც ახლა ხდება ჩვეულებრივი ტერორია. მსახიობების დაჭერა დაიწყეს, რასაც ბერია და ეჟოვი აკეთებდნენ. საბჭოთა ტერორის მეთოდები გამოიღებს შედეგს?
_ იდეოლოგიური, კლიშეები, როგორც უკვე გითხარით, ვერ იმუშავებს საქართველოში. ტერორი არის ერთადერთი იარაღი, რაც მათ ხელში აქვთ. ამან იმუშავა ბელარუსში, რუსეთში. 2012 წელს იქ ძალიან ჯანსაღი პროცესები იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველანაირად ჩაკლეს იმ მეთოდებით, რომლებზეც ახლა საქართველოში ვსაუბრობთ. როგორც ჩანს, ემზადებოდნენ ასეთი ნაბიჯისთვის და წლების მანძილზე გამოზარდეს რამდენიმე ათასი მოძალადე. ახლა მათზე დაყრდნობით ცდილობენ, ძალაუფლება გაიხანგრძლივონ.
მე კარგად მესმის, რომ ადამიანი მოწყვლადია. ადამიანს შიშის გრძნობა აქვს და ეს ბუნებრივი თვისებაა. ამაზე რომ აჭერს ხელისუფლება, ეს ძალიან სერიოზული კოზირია, მაგრამ რა ვიცი… ჩვენს საზოგადოებას ძლიერი აქვს კოლექტიური იდენტობა, სიამაყე, ღირებულებებზე დაყრდნობა.
ადამიანი მხოლოდ მატერიალური შიშის მიმართ არ არის მოწყვლადი. მას ასევე სჭირდება სულიერი საზრდო. და რაც ყველაზე მთავარია, _ ღირსება. მგონია, რომ საქართველოში ღირსება გადაწონის შიშს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ასევე ბუნებრივია. ადამიანს აუცილებლად უნდა ეშინოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფანატიკოსი იქნება. ადამიანს აქვს ტკივილის, იზოლირების, სიკვდილის შიში, მაგრამ ამავე დროს ადამიანი ვერ არსებობს ღირსების გარეშე. როდესაც ადამიანს ღირსებას ულახავ, ის აუცილებლად გადალახავს ტკივილის, იზოლირებისა და სიკვდილის შიშს.
ტალეირანს აქვს ასეთი შესანიშნავი სიტყვები: ხიშტებზე ჯდომა არის ძალიან მოუხერხებელი. ახლა ჩვენი ხელისუფლება რაღაც საპოლიციო მოწყობილობებზე ზის. პოლიციურ ძალას ეყრდნობა. ეს ძალიან მოუხერხებელია. ასეთი რამის გაკეთება საკუთარი ხალხისთვის ბოლომდე არავის გასვლია უცხო ძალის დახმარების გარეშე.
_ თქვენი აზრით, დაიხმარს არსებული ხელისუფლება უცხო ძალას?
_ გასაგებია, რომ საბოლოო ჯამში რუსების იმედზე არიან, მაგრამ რუსებსაც რისი თავი ექნებათ, მაგასაც ვნახავთ.
_ თუ მაინც დაიხმარებენ რუსებს, მაშინ რა იქნება?
_ ამით ძალიან გაირთულებენ თავიანთ ხვალინდელ დღეს. ამ გზაზე თუ დადგებიან, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. საბოლოო ჯამში, ისინი არა მხოლოდ ადამიანურ ღირსებას, არამედ ეროვნულ იდეასაც დაუპირისპირდნენ. შუძლებელია, ეს გადალახონ იმ მითით, რომ ევროპა გვაპიდარასტებს. ამ გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ამ ტერმინს. ამის მეტი არაფერი დარჩათ.
_ ეს იდეოლოგიაც ჭრის რაღაც დოზით.
_ მეტი აღარაფერი დარჩათ და ამას ატრიალებენ. სოდომური ცოდვები მოიკითხონ რუსეთში და ასევე ერთმანეთში.
_ „ქართულ ოცნებას“ რუსეთი უმაგრებს ზურგს. მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას იმედი აქვს, რომ დასავლური სანქციები დაგვეხმარება. უკვე დაწესდა კიდევაც რაღაც სანქციები. ეს სანქციები რამე გავლენას იქონიებს ხიშტებზე მჯდომ ხელისუფლებაზე?
_ რაღაცა გავლენას აუცილებლად იქონიებს. მაგრამ მგონია, რომ მთავარი თავად საზოგადოების მუხტია. საზოგადოებამ უნდა თავად გააცნობიეროს, რა უნდა. არავინ, მათ შორის, ამერიკა, ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. მას პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების ინტერესები აქვს დასაცავი. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავიღალეთ და გავჩერდით, მაშინ ჩვენ მაგივრად გარეშე ძალა ვერაფერს გააკეთებს. დასავლეთი მაშინ იმოქმედებს, თუ დაინახავს, რომ საზოგადოებას ნამდვილად უნდა ცვლილებები. მაშინ ყველანაირად გვერდით დაგვიდგებიან. ჩვენ თუ გულზე ხელებს დავიკრეფთ, არაფერი იქნება. საჭიროა მოქმედება, ხიშტებზე მდგომი ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ადამიანებს აქვთ ტკივილისა და სიკვდილის შიში, მაგრამ არის შიში ღირსების დაკარგვისა, რომელიც სხვა დანარჩენ შიშებზე უფრო ძლიერია. ამიტომაც ხელისუფლებას თუ არ უნდა არეულობა და დაპირისპირება, ღირსებას არ უნდა შეეხოს.
The post დავით დარჩიაშვილი: „ხიშტებზე მდგომი ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს“ appeared first on QronikaPlus.