დავით დოიაშვილი: “მოხდა უბედურება!”

4 days ago 7

ვასო აბაშიძის ახალი თეთრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“მოგესალმებით ისევ თეატრის წინ და ისევ ქუჩიდან. ჩვენ გვაიძულეს, დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისთვის, რომელიც 45 დღეა შინ არ შესულა. ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში! ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი სპექტაკლები ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში და სხვა პოლიტპატიმრებისთვისაც ასევე. ჩვენ არ დაგვიტოვეს სხვა გზა – ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს  პროფესია იაფფასიანი შოუებით და მერე სასამართლომ  – უხეირო, უნიჭო ბუფონადებით, რომლის მომსწრეც ვიყავით გუშინ და დღესაც. მოხდა უბედურება, ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა თავის ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს, დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა სრულიად სახელოვნებო სფერომ, მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძის თავდებობა, სახელმწიფომ სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ ასეთი სფერო ქვეყანაში არ არსებობს, ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, ჩვენ არ ვარსებობთ მათთვის. აქამდე ჩვენ ავირჩიეთ პროტესტის პასიური ფორმა, დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ ამავე თეატრის მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილებიუს გადახედვას და მის გამოშვებას არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე,  იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს მათზე არანაირი მტკიცებულება, რაც მათ სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პორტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ რეალურად, ვაჩვენებთ,  რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს! თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ ჯერ არ გინახავთ თეატრი, ერთი, რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი. ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს!”

სრულად წაკითხვა