დავით კეზერაშვილის კუთვნილ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს

2 weeks ago 13

ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებლისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის კუთვნილ სახლებში, ამ წუთებში, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს (ჩხრეკას) ატარებენ.

ერთ-ერთ ბინაში, ამ მომენტისთვის, ცხოვრობს დიმიტრი ჩიქოვანი, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

ამ დროისათვის უცნობია, რა საქმის ფარგლებში დაინიშნა საგამოძიებო მოქმედებები დავით კეზერაშვილის სახლებში.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბინების ჩხრეკა დასრულდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბინის ჩხრეკას, რომელშიც დიმიტრი ჩიქოვანი ცხოვრობს, მისი დედა დაესწრება.

საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს დავით კეზერაშვილი და წერს:

“ისე გადაფსიხდა ე.წ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამწუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!!!”.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის შესახებაც 5 დეკემბერს გახდა ცნობილი, უსამართლო არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე. უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო, რითაც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სარჩელის განხილვისას უზენაესი სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შესატანად საკმარისი საფუძველი იყო

სასამართლოს კოლეგიაში ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ყოფნა.

თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს არ მიუჩნევია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და მთლიანობაში პროცესის სამართლიანობის უარყოფას გამოიწვევდა.

დავით კეზერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. გადაწყვეტილება დიდმა პალატამ შვიდი მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.

მის ბინაში დაგეგმილ ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება დიმიტრი ჩიქოვანიც და წერს:

“ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა რომ შევიდნენ ჩხრეკაზე. ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ. ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება უნდათ და ცდებიან თუ ფიქრობენ,რომ ამას შეძლებენ. ცალკეულ პირებთან სახლში შეჭრები, უკანონო დაკავებები და ზეწოლები არავის გააჩერებს. ქართველი ხალხი რუს დიქტატორს და მისი რეჟიმის მალე გააჯმევინებს საქართველოდან. სამუდამოდ. ბოლო დღეებს ითვლიან და ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო”.

4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისები და აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 დეკემბერს, ღამით განმარტა, საგამოძიებო მოქმედებები "გადაუდებელი აუცილებლობით", მიმდინარე ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით ჩატარდა.

გამოძიება კი მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას.

ამ საქმეზე დააკავეს 7 პირი ხოლო ჩხრეკა ჩატარდა 6 ადამიანის ბინაში.

შვიდი ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

სრულად წაკითხვა