დგებუაძის განმარტებებიც კი არ ადასტურებს ამაღლობელისთვის წარდგენილი მუხლის კვალიფიკაციას – ქურდოვანიძე

5 hours ago 3

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, პროკურატურამ მზია ამაღლობელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს.

მისი თქმით, თავად ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. ამ მუხლით ისჯება პოლიციელზე ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან. იმისათვის, რომ ქმედება ამ მუხლად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლისათვის დამახასიათებელი საკვანძო გარემოებები:

  • თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი;
  •  თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით;
  •  თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.

მზია ამაღლობელის ქმედება – გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება.

ამასთან, მზია ამაღლობელის ქმედებას, არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც კი, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლის ბრალდებას არამარტო ამ მუხლით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებითაც. ამდენად, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი ბრალდება ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეში სახეზეა არაერთი დარღვევა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ადასტურებს ამაღლობელის  ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავებაც.

„2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავება. როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი კოლეგა, ციალა ქათამაძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს. საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება. უწყებას იმისათვის, რომ გაემართლებინა თვითნებური დაკავება, დაკავების ოქმი პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, თუმცა, ამ დრომდე არ არის შედგენილი უშუალოდ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება პროკურატურამ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიყენეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნონა ქურდოვანიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობაზე. მისი თქმით, არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალება, რის შესახებაც უწყებას 12 იანვარს ეცნობა, თუმცა მხოლოდ დღეს, 20 იანვარს დაადასტურა  გამოძიების დაწყება.

„12 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეცნობა მომხდარის შესახებ, რაც საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. ,,მოკვლევის“ პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას. მოკვლევის ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. სამსახურმა მხოლოდ საიას მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, დღეს, 20 იანვარს სატელეფონო საუბრისას დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

ამასთან საიას თავმჯდომარემ ისაუბრა მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის უკანონოდ გამოყენებაზეც. მისი თქმით, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის – პატიმრობის გამოყენებისას პროკურორი დაუსაბუთებელ შუამდგომლობას დაეყრდნო.

„პროკურორის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობაში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი რეალური არგუმენტი თუ გარემოება, რომელიც აღნიშნული რისკების არსებობას დაადასტურებდა. ერთი მხრივ, პროკურორმა და მეორეს მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

დღესვე ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ქუთაისი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის შეცვლის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის დაუყოვნებლივ გაგზავნა არ მოხდა და ის 4 დღით შეფერხდა.

„მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის შესახებ ადვოკატებმა საჩივარი 2025 წლის 15 იანვარს, 17:45 წუთზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარს განიხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა, მატერიალური სახით მისი ჩაბარება ხდება პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების გამომტან სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნა არ შესრულდა. სასამართლომ საჩივრის გაგზავნა შეაფერხა 4 დღით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქმის მასალები დღეს, 12 საათისთვის მიიღო და ახლა იწყებს საჩივრის განხილვას“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

ამასთან, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

გარდა ამისა, ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის კვალიფიკაციაზე, რომელმაც მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2022 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობას შეუდგა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ამავე საიტზე არ იძებნება ინფორმაცია, როდის მოხდა მისთვის კოლეგიის შეცვლა და როდიდან იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას შეეცვალა კოლეგია, ეს ადასტურებს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლეებისათვის კოლეგიების განსაზღვრა ხდება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული რა მიმართულებით აქვთ მათ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ეს პრაქტიკა შესაძლოა შეფასდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევადაც“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი მოთხოვნები:

  • პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;
  • მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან;
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა;
  •  ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება.

ამასთან, დღეს მზია ამაღლობელის წერილიდან ცნობილი გახდა, რომ ის შიმშილობს. როგორც ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა,  მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ საკვები არ მიუღია და მხოლოდ წყალს იღებს.

სრულად წაკითხვა