ევროპული საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს

3 days ago 4

ბრიუსელში მიმდინარეობს ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

საქართველო იყო მიმდინარე კვირას ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში, თუმცა მინისტრები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, მიზნობრივი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. სანაცვლოდ შეთანხმდნენ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, რასაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსი არ სჭირდება.

„ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეალური ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, რომ არ იძალადოს მომიტინგეებზე და არ მოახდინოს ზეწოლა ოპოზიციაზე და გავაგზავნით ძალიან ძლიერი სიგნალს ევროკავშირიდან. ორშაბათს განვიხილეთ და სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ამ ნაწილზე კიდევ უნდა ვიმუშაოთ“, — განაცხადა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შეახსენა, რომ ევროკავშირი არის სახელმწიფოთა ერთობა, რომელიც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საერთო პრინციპებს ეფუძნება.

„მე საქართველოს გულითადი მეგობარი ვარ, მაგრამ რასაც ახლა იქ ვხედავ, ნამდვილად იმედგამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არჩევნების შედეგზე. ალბათ, ვიპოვით ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს იყო ყალბი არჩევნები და შედეგი ვერ იქნება აღიარებული. მეორე ნაწილი საპირისპიროს იტყვის. მაგრამ ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა მთავრობის განცხადება, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 80% მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა წაართვას ევროპული ოცნება ქვეყნის უმრავლესობას“, — განაცხადა სხდომის დაწყებამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

საქართველოში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენის შეფასებით:

„ეს არ არის იმ ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, როგორიც გვინდა გვქონდეს ევროპულ მიწაზე ან ევროკავშირთან ახლოს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც სურს პროევროპული გზა საქართველოსთვის, რომ ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლისაც გვჯერა, ყველგან უნდა იყოს დაცული ევროპის კონტინენტზე. ამიტომ ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და საქართველოს ლიდერებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“, — განაცხადა ფრიდენმა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

საქართველოსთან ურთიერთობების შენარჩუნების და პროევროპული ძალების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა:

„მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობა. ჩვენ ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ ასევე ვხედავთ იმ გავლენას, რომელიც მოქმედებს საქართველოში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა და შევინარჩუნოთ ურთიერთობა. ჩვენ გვჭირდება ჩართულობა საქართველოში არსებულ პროევროპულ ძალებთან. მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მათ ზურგს არ ვაქცევთ და ისევ მათ მხარეს ვართ. ჩვენ ასევე ვაღიარებთ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში ბევრი უცხო გავლენის გამოა“, — თქვა ალექსანდერ დე კრომ.

ესტონეთის პრემიერი კრისტენ მიჰალმა ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთს უკვე დაწესებული აქვს სანქციები ქართველი მაღალჩინოსნებისთვის.

„ველით, რომ ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, — დასძინა მან, ხაზი გაუსვა რა მომიტინგეებზე განგრძობით ძალადობას.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ევროპული საბჭოს დღევანდელ დასკვნებში მკაცრი ფორმულირება საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ უპასუხა: „თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ მტკიცე ფორმულირებას ევროპარლამენტისგან“.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

„ჩვენი მოწოდებაა, საქართველომ არ მიატოვოს ევროპული გზა. მე უკვე წლებია ვესწრები ევროპული საბჭოს და ერთი რამ, რაც დომინირებს ყველა სხდომაზე არის ჩვენი ღია კარის დაპირება. ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს აგრძელებს ქუჩაში ევროკავშირის დროშებით გამოსვლას. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა. ეჭვგარეშეა, რომ ეს იქნება ჩვენთვის პოზიცია 2025 წელს“, — განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ეს არის ევროპული საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც პრეზიდენტის რანგში ანტონიო კოშტა ხელმძღვანელობს. სხდომაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ევროპული საბჭოს დასკვნები, სადაც სავარაუდოდ, საქართველოს შესახებაც იქნება საუბარი.

სრულად წაკითხვა