"ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება" - პრეზიდენტი სუს-ის განცხადებაზე

2 weeks ago 5

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მედიის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 დეკემბრის განცხადებას და მას "ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება" უწოდა.

„სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს, რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ეს არის ადამიანების პირიდაპირ ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის, არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, აქციები ძალიან მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება“,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 10 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით, რომელშიც უწყება ირწმუნება, რომ 14 დეკემბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ხელშესაშლელად "2-3 ადამიანის მსხვერპლს" გამოიყენებენ.

იგეგმება "მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მანამდე, პროევროპული აქციების დაწყებიდან მესამე დღეს, 30 ნოემბერს, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ "დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად".

წელიწადზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" და საქმე 315-ე, ამბოხების მუხლითაც აღძრა.

ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები ხელისუფლებამ დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.

გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.

მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა