„გურამ მაცხონაშვილმა ადვოკატის მეშვეობით გაგვაგებინა, რომ განყოფილებაში არ სჯეროდათ რომ თან არ ჰქონდა ტელეფონი და მასზე იძალადეს“, - წერს მსახიობი და მწერალი, თემო რეხვიაშვილი.
„ადვოკატის თქმით, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილზე სასტიკად იძალადეს განყოფილებაში. ურტყეს კეფაში“, - წერს რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე.
ინფორმაცია მოგვიანებით განახლდება და დაზუსტება.
გურამ მაცხონაშვილი პოლიციამ შაბათს, 18 იანვარს დაკავა თემქაზე, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან.
პოლიციელები მაცხონაშვილთან მივიდნენ და სახის გამოჩნა სთხოვეს, რასაც ის დაემორჩილა და, თვითმხილველთა თქმით, საკუთარი ვინაობაც გააცნო პოლიციელებს, მალევე კი ნიღაბი კვლავ გაიკეთა.
იქვე მყოფი პოლიციელები დემონსტრანტებს ეუბნებოდნენ, რომ აქციაზე აკრძალულია სახის დაფარვა.
„მე არ ვემორჩილები მაგ აკრძალვას“, - უთხრა მათ გურამ მაცხონაშვილმა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მისი დაკავება დაიწყეს, თუმცა აქციის სხვა მონაწილეები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ამის მიუხედავად, რამდენიმე წამში იგი, - კიდევ ერთ დემონსტრანტთან ერთად, - ძალის გამოყენებით დააკავეს.
შსს-ის პრესცენტრის ცნობით, თემქის პოლიციასთან ჯამში ექვსი ადამიანი დააკავეს.
მაცხონაშვილის გარდა, დააკავეს დემონსტრანტები, სონა კალანდაძე, „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, თამარ ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მაცხონაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს:
„ბოლო პერიოდის დაკავების ფაქტების ანალიზი აჩვენებს, რომ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა სამართალდამცავების მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმისა და არაპროპორციული ძალის დაუსაბუთებლად გამოყენება“.
„გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აშკარად არაპროპორციულად გამოიყენეს დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალა. როდესაც პოლიციელთა სიმრავლის გამო მოქალაქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ისედაც არ აქვს, ძალადობრივი ფორმით განყოფილებაში შეყვანა და მისთვის დაზიანებების მიყენება წარმოადგენს ძალის გადამეტებას“, - აცხადებს ორგანიზაცია.
მოგვიანებით, 18 იანვარს, 20:30 საათზე ფილარმონიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია დღეს დაკავებულთა სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, სახეები დაიფარეს. ამ საპროტესტო აქტში მრავალი - სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული - ადამიანი იღებს მონაწილეობას.
აქციის მონაწილეები სახეს ნიღბებით, კაშნეებით, „ბალაკლავებით“ თუ პირბადეებით იფარავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაიკეთა ნიღბები, რომლებზეც მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.
დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, - ზანდუკელის ქუჩიდან, - სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პირებმა წაიყვანეს ორი დემონსტრანტი - რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია.
თვითმხილველების თანახმად, მათ არ ჰქონიათ პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუმცა პოლიციაში ადასტურებენ, რომ ორი ახალგაზრდა მათ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით.
პირველი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მეორე კი - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას, - მათ, სავარაუდოდ, სახის დაფარვას ედავებიან.