თიბისი: ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას

3 weeks ago 9

თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას და გმობს ძალადობას დემონსტრანტების მიმართ.

„როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას", - ნათქვამია განცხადებაში,

თიბისი ბანკის პოზიციაა, რომ ისინი რჩებიან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერებად.

„ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ", - აცხადებენ თიბისი ბანკში.

საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ. საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის, განათლების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილმა.

სასწავლო პროცესს აჩერებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, ილიაუნი, საქართველოს უნივერსიტეტი.

განცხადებას ავრცელებენ თსუ-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები, სადაც ნათქვამია, რომ გმობენ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

საერთო განცხადება გააკეთეს თბილისის კლუბებმა. მათ სისტემის მსხვერპლებსა და მძევლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება მოითხოვეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.

უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.

ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე.

სრულად წაკითხვა