იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვინც ჩემ მიმართ ხართ ცუდად განწყობილი – მზად ვარ, ნებისმიერ თქვენგანთან შეხვედრისთვის – მამა შალვა

1 week ago 6

123

ჩემს მეგობრებს მოგიწოდებთ, მათ უნდა ანახოთ სიყვარული, რადგან პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული დღეს სიმშვიდეზე გადის. დღეს ყველაზე დიდი რამ არის მოთმენა, – განაცხადა აქციის მონაწილეებზე საუბრისას დეკანოზმა შალვამ (კეკელია) სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მან შენდობა ითხოვა გუშინ, ტაძართან მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებთან ხმამაღლა მოუწია საუბარი.

„ადამიანურად უკვე დიდი ხანია ამას ვითმენ – ყოველ დღე მაგინებენ, მლანძღავენ, მთათხავენ, ზოგჯერ ქუჩაში დედას მაგინებენ და ასე არ არის! მეც ადამიანი ვარ, მეც ვერ შევიკავე თავი, რაღაც წყობიდან გამოვედი, მაგრამ ყველამ იცოდეთ ერთადერთი რამ – ჩემს ეკლესიას, ჩემს პატრიარქს, ჩემს სამშობლოს ნუ ეხებით! ჩემს ქვეყანას ნუ ეხებით და რუსოფილებს ნუ გვიწოდებთ! არც ევროპელი ვარ და არც რუსოფილი. არც ევროპის მომხრე ვარ და არც – რუსეთის. მე ვარ ჩემი ქვეყნის მომხრე! მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა და მინდა, ყველას ასე გიყვარდეთ. პირველ რიგში დააყენეთ თქვენი ქვეყანა და მერე შეიძლება ნებისმიერ რამეზე ისაუბროთ“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ყოველდღე ლოცულობს, იხდის პარაკლისებს, რომ ქართველებში იყოს მშვიდობა და სიყვარული.

„ახლა იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვინც ჩემ მიმართ ხართ ცუდად განწყობილი – მზად ვარ, ნებისმიერ თქვენგანთან შეხვედრისთვის. მოდით ტაძარში და გაიგეთ ჩემი პასუხები. მე ნებისმიერ ადამიანთან მზად ვარ ვისაუბრო“, – აღნიშნა მამა შალვამ.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“, – განაცხადა დეკანოზმა, შალვამ (კეკელია).

სრულად წაკითხვა