ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს

3 weeks ago 5

„საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე და დაამატა, რომ ვრცელდება სიცრუე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

„არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ამ ფონზე, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

პრემიერ მინისტრი მიმართავს ევროკავშირს ელჩს, რომ თუ მოლაპარაკებები გაიხსნება, საქართველოს ხელისუფლება მზადაა დღესვე მოაწეროს ხელი.

კობახიძის განცხადებით, 2030 წელს, ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანება არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე.

მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ქვეყანამ მიიღო ვიზალიბერალიზაცია.

კობახიძემ შემაშფოთებელი უწოდა იმას რომ ევროკავშირს, მისი სიტყვებით „ არ დაუგმია ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ განხორციელებული უხეში სისტემური ძალადობა“.

29 ნოემბერ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს. მან სავალალო და გულსატკენი უწოდა ამ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება როგორც ქართველი ხალხის უმრავლესობის მკვეთრად გამოხატულ სურვილს, ასევე საქართველოს ყველა ხელისუფლების აქამდე არსებულ პოლიტიკას.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.

სრულად წაკითხვა