კობახიძე: როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე

3 weeks ago 9

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს „მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა" დაუტოვოს ახალ, ტრამპის ადმინისტრაციას.

როგორც კობახიძემ თქვა, „ამას აკეთებენ უკრაინასთან მიმართებით და ამას აკეთებენ ისინი ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებით”.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პრინციპული მნიშვნელობა” არ აქვს, ამიტომ ახალ ადმინისტრაციას დაელოდებიან და „მასთან ისაუბრებენ ყველაფერზე”. შესაბამისად, აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას კობახიძემ უწოდა „ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორც სალომე ზურაბიშვილი”.

რადიო თავისუფლების შეკითხვას, მაშინ, როცა აშშ-თან ურთიერთობების გადასატვირთად იმედს ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებენ, უკვე უსაუბრიათ თუ არა მომავალი ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელთან, კობახიძემ უპასუხა, რომ „იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია” და ელოდებიან „პირდაპირს”. შეკითხვას, ვისთან იყო ეს არაპირდაპირი კომუნიკაცია, უპასუხა, რომ ეს „შიდა სამზარეულოა”.

რადიო თავისუფლებამ ირაკლი კობახიძეს ისიც ჰკითხა, იცნობენ თუ არა საქართველოს ხელისუფლებისადმი ჰელსინკის კომისის ხელმძღვანელის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კრიტიკულ პოზიციას, მით უმეტეს, რომ უილსონი საგარეო ურთიერობათა კომიტეტის მომავალ თავმჯდომარედ განიხილება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია:

„როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია. რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა”.

აშშ-ში პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც წესი, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებს და პოლიტიკური პროცესების წარმართვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი.

სრულად წაკითხვა