მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, ის ყველას მოუწოდებს, არ დანებდნენ – სალომე ზურაბიშვილი

6 hours ago 2

სალომე ზურაბიშვილი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.

“მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა და შეურაცხყოფილმა ქალმა ჟურნალისტმა, “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის ყველას მოუწოდებს არ დათმონ, არ დანებდნენ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

მზია ამაღლობელი დღეს გავრცელებულ წერილში წერს, რომ მისი დაკავება რეპრესიული და ძალადობრივი პროცესების შედეგია, რომელიც ბოლო ერთი წელია ყოველდღიურ ცხოვრებაში იკიდებს ფეხს.

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

სრულად წაკითხვა