„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის ლეგიტიმაციას არ ცნობენ მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი, 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებმისამართი ამ დრომდე გათიშულია და წერია, რომ ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს.
შეწყალების აქცი ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოიცა. გავრცელებულ განცხადებაში არ წერია, რომელ მუხლებს და რა ტიპის დანაშაულებს შეეხო შეწყალება.
- ამ საკითხების დაზუსტებას, იმის გათვალისწინებით, რომ შეწყალებულთა რიცხვი სხვა პრეზიდენტების მიერ გამოცემულ იდენტურ აქტებს საგრძნობლად აღემატება, რადიო თავისუფლება ცდილობს და ინფორმაციის მიღებისთანავე ტექსტში აისახება.
მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელი და ულტრა-მემარჯვენე „ხალხის ძალის“ დამფუძნებელია. მისი საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია 2024 წლის ბოლოს, პირველი არაპირდაპირი არჩევნების შედეგად მოხდა. პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატად ის პირადად „ქართული ოცნების“ მილიარდერმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა და 14 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, მიხეილ ყაველაშვილს მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის 225-დან 224-მა წევრმა.
ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მე-6 პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას არ ცნობენ მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. ყაველაშვილი იყო სადავო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროქტის ერთ-ერთი ინიციატორი 2023 წელს.