WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

16.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი ბექა ცერცვაძე „ტვ პირველს“ უყვება, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, ის ძალადობაში ადანაშაულებს ციხის დირექტორსა და მის მოადგილეებს.

პატიმარი ყვება, რომ ითხოვდა მასთან ექიმის მიყვანას, რაც არ გაითვალისწინეს.

„2 სექტემბრის ღამეს, გიორგი დავითაძის შესახებ რომ გავრცელდა, მაგის მერე ციხეზე თანამშრომლები ეზოს მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდნენ, ქათამს ეძახდნენ. სოლიდარობა გამოვუცხადე გიორგი დავითაძეს. შემოვიდნენ ჩემთან საკანში, ისე რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია, მითხრეს, რომ დეესკალაციაში უნდა გადავეყვანე. გამიყვანეს საკნიდან, უცბად შუა კორპუსში გახდნენ აგრესიულები, დამახტნენ თავზე, ჩამიყვანეს დეესკალაციაში…

მერე ვითხოვდი ექიმს, ცუდად გავხდი ამათი დაგრეხისგან… არ მომიყვანეს ექიმი, რომ ვითხოვდი, რამდენიმე საათში მოვიდა ერთ-ერთი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები, რომა ჰქვია, სხვებიც იყვნენ, ბევრი, მითხრეს, რომ მივდიოდი „ეტაპში“…

მიჭერდა ხელს მთელი ძალით ხორხში, რომ ჩაემტვრია, ისე მოვყავდი, რომ ჩემი ფეხსაცმელების გარდა ვერაფერს ვხედავდი. უცბად ძალიან ბევრი ბათინკი გაჩნდა, სპეცრაზმი იყო ციხის ტერიტორიაზე შემოყვანილი და ამათმა ხელების რტყმევით… ერთმა სპეცრაზმელმა და ციხის თანამშრომელმა ჯერ შემიყვანეს  გასაჩხრეკ აპარატში, მერე ისევ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებით ჩამსვეს „ვარონკაში“ და წამომიყვანეს „ეტაპში“. თან ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა ციხის დირექტორი, შოთა ტრაპაიძე და მაგის მოადგილეები. დავით ჭანტურია განსაკუთრებით აგრესიული იყო, ზოგადად ციხეზე განთქმულია მაგის ჯალათური  საქციელები, და დანარჩენი მოადგილეები, დავით ნიკოლეიშვილი და ვიღაცები იყვნენ“, – ამბობს პატიმარი. 

„ტვ პირველთან“ ადვოკატი ამბობს, რომ ბექა ცერცვაძე „ლაითურის“ ციხეში გადაიყვანეს, რაც მისთვის გუშინ, 15 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

„ბექა ცერცვაძის პიროვნებიდან გამომდინარე, სურთ მისი მკაცრი კონტროლი, შესაბამისად, ყოველ წელს გარკვეული სახის პროვოკაციები მასზე ხდება. აბრალებენ, თითქოს ის არის აგრესიული, შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. ერთ-ერთ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაადგინა კიდეც, რომ იყო პროვოკაცია და პენიტენციურის თანამშრომლებმა დააბრალეს, თითქოს შეურაცხყოფას აყენებდა, აღნიშნული სახდელი გააუქმა, თუმცა რისკი მაინც დარჩა“, – ამბობს ადვოკატი.