თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.
პროკურატურის განცხადებით, იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
„ამასთან, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება“, – აცხადებს პროკურატურა.
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების პირობებია: 9 თვე პირობითი მსჯავრი, 1 წელი გამოსაცდელი ვადა და 50 000-ლარიანი ჯარიმა.
თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამაზ ელიზბარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში სულ შვიდი დაზარალებულად ცნობილი მამაკაცი ფიგურირებს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მათ დაემუქრა ცხოველთა დამცველი, მათ ეს მუქარა რეალურად აღიქვეს და გაუჩნდათ „საფუძვლიანი შიში“.
დაზარალებულად არის ცნობილი შაკო კუჭაშვილი, რომელმაც ამის შესახებ თავადვე საჯაროდ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ელიზბარაშვილისთვის არ უჩივლიათ, მაგრამ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. კუჭაშვილის ვერსიიდან გამომდინარეობს, რომ ის არის მთავარი ფიგურანტი ელიზბარაშვილთან კონფლიქტში. მათ შორის დაიწყო უთანხმოება, 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე. რაშიც შემდეგ ჩაერთნენ კუჭაშვილის ახლობლები. კუჭაშვილსა და ელიზბარაშვილს შორის კონფლიქტი კი დაიწყო წარსულში კუჭაშვილის და მისი ოჯახის წევრებზე თითქოს ელიზბარაშვილის მხრიდან დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო.
„შაკო, შენ არ გეღირსოს ჯანმრთელობა და მთელ შენს ოჯახს შეეყაროს დიუშენი“ — ეს არის დაწერილი ძაღლების თავშესაფრის გვერდიდან შაკო კუჭაშვილის პოსტზე, რომელიც დიუშენის პაციენტების გულშემატკივრებს ეხებოდა მათი მხარდამჭერი აქციების მიმდინარეობის პერიოდში. სწორედ ეს კომენტარი აჩვენეს ადვოკატის თქმით ელიზბარაშვილს კუჭაშვილმა და მისმა ახლობლებმა. ფეისბუკზე ძაღლების თავშესაფრის გვერდთან წვდომა ელიზბარაშვილის გარდა სხვებსაც აქვთ. ელიზბარაშვილი უარყოფს, რომ ეს კომენტარი მისი დაწერილია.
სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა კიდევ ორი დაზარალებულის გვარ-სახელი: ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. ორივე მათგანი “იმედისთვის” მუშაობს. რადიო თავისუფლების ცნობით დაზარალებულადაა ცნობილი “იმედის” კიდევ ერთი თანამშრომელი: სანდრო გამსახურდია.
netgazeti