ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს მოჰყვება „პირდაპირი შედეგები ევროკავშირისგან“.
„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპულ მომავალზე მისი არჩევანის გვერდით“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე.
„ვგმობთ ძალადობას მომიტინგეთა წინააღმდეგ და ვწუხვართ მმართველი პარტიის სიგნალების გამო, რომ არ აგრძელებენ საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და ქვეყანა დემოკრატიული უკანდახევის გზას ადგას“, - დაწერა კალასმა პირველ დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად კიევში ჩავიდა.
„ამას პირდაპირი შედეგები ექნება ევროკავშირის მხრიდან“, - აცხადებს კაია კალასი.
კაია კალასი, რომელიც ნოემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.
პოსტზე პირველივე დღეს იგი კიევში გაემგზავრა და დაწერა, რომ ევროკავშირს ომში უკრაინის გამარჯვება სურს და ამისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ბოლო სამი ღამის განმავლობაში, 28 ნოემბრის საღამოდან, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.