ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე შეფასებები ცალკეულ პოლიტიკოსებსა და ტელევიზიებთან მიმართებით:
“მეასედ ვწერ: თქვენ, ბიძიკოებო, პოლიტიკოსები ხართ თუ კომენტატორები? აბონ ციციაშვილამდე ვერც ერთი ვერ ქაჩავთ. მაგრამ მართლა როგორ ფიქრობთ, ირგვლივ ყველა თქვენზე იდიოტია? ის, რასაც მაღალი აპლომბით გვიყვებით, როგორც რაღაც განსაკუთრებულ აღმოჩენას, ჩვენ ვერ ვხვდებით? ვერ ვხედავთ? ვერ ვაანალიზებთ? არ დავიღლები და კიდევ ერთხელ გეტყვით: საქმე ანახეთ ხალხს! საქმე!
ახლა ტელევიზიებსაც მოგახსენებთ: თქვენ რომ გონიერი, კვალიფიციური კომენტატორები და ექსპერტები დაიქირაოთ, ბევრად უფრო საინტერესო და პროფესიული გადაცემები გექნებათ, ვიდრე მაშინ, როდესაც უავტორიტეტო პოლიტიკოსებს აკეკლუცებთ და ყველაფერზე აკეთებინებთ კომენტარს, რაც კი ირგვლივ ხდება.
ნუ, ცალკე კიდევ ბრძენთა კასტა რომ გყავთ შექმნილი და ეკრანებს არ აცილებთ, ეგ სხვა ამბავია.
ტრიპაჩი! აი, უფრო „თ“-სკენ რომ იხრება „ტ“, იმ ტონალობაში წარმოთქვამდა ხოლმე ბებიაჩემი ამ სიტყვას. ვისი მისამართით? მაგალითად, როცა ტელევიზიით საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობას ან რომელიმე სხვა ოფიციალურ ღონისძიებას გადმოსცემდნენ, ტრიბუნაზე მდგომ გამომსვლელებს სწორედ ამ სიტყვით ამკობდა. მერე დავფიქრდი: ორი ღერი რუსული არ იცოდა. მე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში „ტრიპაჩი“ ის კაცი მეგონა, რომელიც ტრიბუნასთან იდგა და სიტყვით გამოდიოდა.:)) ჰოდა, ახლა უკვე მე ვეძახი ტრიპაჩებს იმ პოლიტიკოსებსა და ცნობად სახეებს, რომლებიც მოვლენების უგემოვნო, არაკვალიფიციურ და გაუთავებელ კომენტატორებად იქცნენ.
პოლიტიკოსის საქმე პოლიტიკის კეთებაა და არა ყველაფერზე კომენტარის გაკეთება. ექსპერტის საქმე ანალიზია და არა პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით დასკვნების გამოცხადება. ჟურნალისტის საქმე კი კითხვების დასმაა და არა ერთი და იმავე სახეების უსასრულოდ ტრიალი ეკრანზე. თორემ ბებიაჩემის ლექსიკონით თუ ვიმსჯელებთ, დღეს ქართულ ტელესივრცეში იმდენი ტრიპაჩია, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობასაც შეშურდებოდა.
და რაც ყველაზე სასაცილოა, თითოეულ მათგანს ჰგონია, რომ რაღაც განსაკუთრებულს გვეუბნება.
არადა, ტრიბუნასთან და მიკროფინთან დგომა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სათქმელი გაქვს“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა