WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მოქმედებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც პარიზში მდებარე პრესის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ზედიზედ მეორე წელი „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიაში შეიყვანა.

3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე კირცხალიამ განაცხადა, რომ საქართველო „როგორც მედიის თავისუფლების, ისე დემოკრატიის კუთხით, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა“.

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდში მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ერთ-ერთი ინსტრუმენტის მიერ გამოქვეყნებული აბსურდი, უფრო კონკრეტულად კი ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ეს მორიგი მცდელობა გამოვიყენოთ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს მათი მექანიზმები იმ ლიდერების და ეროვნული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ომის ნაცვლად – მშვიდობას, მორჩილების ნაცვლად – თავისუფლებას, უცხო ძალების გავლენის დიქტატით მოქმედების ნაცვლად – სუვერენიტეტს ირჩევენ“, – განაცხადა კირცხალიამ.

ამ განცხადებას წინ უძღოდა RSF-ის მიერ 2 ნოემბერს „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ 2026 წლის სიის გამოქვეყნება, რომელშიც ივანიშვილი 2025 წლის მსგავსად კვლავ ფიგურირებს.

ივანიშვილი „ეკონომიკის“ კატეგორიაში მოხვდა, სადაც წარმოდგენილი არიან ის პირები და სუბიექტები, რომლებიც „ფინანსური ზეწოლის ისეთ სტრატეგიებს წარმოაჩენენ, რომლებიც დამოუკიდებელი მედიის შესუსტების, მათი დაფინანსების შეზღუდვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მიზნით გამოიყენება“.

ბრიფინგზე საუბრისას კირცხალიამ განაცხადა, რომ ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სხვა არაფერია თუ არა „საზღაური“, რომელსაც იგი იხდის იმისთვის, რომ „ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს – გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე“.

„როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია – რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, რაც უფრო მეტად სცდება ყოველგვარ ზღვარს მისი უტიფრობა, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კირცხალიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან გაავლო პარალელები და აღნიშნა, რომ  „ყველა მსხვილი მედია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობა ჰქონდა, ერთი პოლიტიკური პარტიის სრულ კონტროლსა და გავლენას ექვემდებარებოდა“. კირცხალიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი უცხო ქვეყნების აგენტი იყო და დასძინა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თვალი დახუჭეს იმ სავარაუდო რეპრესიებზე, რომლებიც მისი მთავრობის დროს ხორციელდებოდა.

„ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობაზე მაღლა“, – განაცხადა მან.

საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ საუბრისას, კირცხალიამ აღნიშნა, რომ ის იმდენად პლურალისტურია, რომ „სხვადასხვა მედიასაშუალებებს ხელისუფლების მიმართ უმწვავესი კრიტიკის გამოხატვისა და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ნებისმიერი ბრალდების გაჟღერების შესაძლებლობა აქვთ“.

„შეუძლებელია საქართველოში მედიაგარემოს აფასებდე და არ იმჩნევდე რეალობას, რომლის ობიექტური შეფასებისას აშკარაა, რომ საქართველო როგორც მედიის თავისუფლების, ისე დემოკრატიის კუთხით, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა“, – დასძინა მან.

This post is also available in: English