რა უთხრეს ბოჭორიშვილს ფინეთის და ავსტრიის მინისტრებმა, რაც საგარეოს განცხადებაში ვერ მოხვდა

2 weeks ago 8

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

მათ შორის ავსტრიის, ფინეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მათგან ორმა, ავსტრიისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს.

თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მინისტრებთან შეხვედრისას გაჟღერებულ კრიტიკაზე არაფერი თქვა მის განცხადებებში.

შეხვედრა ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაკა ბოჭორიშვილისა და ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

„საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების მიზანს მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ავსტრია გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გვერდში დგომას. მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ შალენბერგის განცხადებით კი მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ მოხვდა.

„უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ხაზი გავუსვი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის აუცილებლობას. დროა ხელისუფლებამ დაიწყოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკება პოლარიზაციის დეესკალაციის მიზნით“, – დაწერა X-ზე ალექსანდრ შალენბერგმა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრისას მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეუთო-ში ფინეთის მომავალი თავმჯდომარეობა და მისი პრიორიტეტები.

„საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მინისტრმა კოლეგას დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება აქტიური ძალისხმევა მიმართოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატების მისაღწევად.

საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების პროცესზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებების შესახებ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო ბოჭორიშვილთან შეშფოთება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოთქვა და საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოძიებაზეც ისაუბრა. თუმცა ამაზე არაფერია ნათქვამი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ქართველ ხალხს დემოკრატია და თავისუფლება სწყურია – ეს არის მესიჯი, რომელიც მივიღე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც შევხვდი ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში.

როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარე, მე შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, რათა გამოვხატო ჩვენი სერიოზული შეშფოთება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის და ოქტომბრის არჩევნების სრული და მიუკერძოებელი გამოძიების საჭიროების შესახებ, რომელზედ დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა“, – დაწერა X-ზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მალტაში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

სრულად წაკითხვა