რუსეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში აფეთქებები იყო

2 weeks ago 11

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებები იყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები იუწყებიან.

შავ ზღვაზე მდებარე ნოვოროსიისკში რუსეთის უმსხვილესი პორტი და არაერთი დიდი საწარმო მდებარეობს. ქალაქში დისლოცირებულია შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა.

საჰაერო განგაში 4 დეკემბერს, ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა. ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ქალაქის მცხოვრებთ ტელეგრამ-არხით მოუწოდა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. საჰაერო განგაში გამთენიისას შეწყდა. კრავჩენკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ საფრთხე აღარ არის. ნოვოროსიისკის მერი არაფერს იუწყება აფეთქებების შედეგების შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით მხოლოდ ის განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კრასნოდარის მხარეში გაანადგურეს 5 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინას ნოვოროსიისკზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

სრულად წაკითხვა