საბედისწერო 22 დეკემბერი თინათინ მღვდლიაშვილისგან

16 hours ago 7

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ჩვენი ქვეყნისთვის საბედისწერო 22 დეკემბერს იხსენებს, როდესაც 1991 წელს თბილისში ომი დაიწყო:

“ე.წ. თბილისის ომის შემზარავი დღე! გთავაზობთ ჩემი დის, აწ გარდაცვლილი ლედი
მღვდლიაშვილის წერილს, რომელიც ამ ტრაგედიის თვითმხილველი გახლდათ. არასდროს დაგვავიწყდეს 1991 წლის 22 დეკემბრის სისხლიანი დილა:

,,ჩვენ თავს ვიცავდით მხოლოდ და მხოლოდ!”…

1991 წლის დეკემბრის თვეში, რუსთაველის პროსპექტზე, უკიდურესად დაიძაბა მდგომარეობა. ჰაერში დენთისა და დასაღვრელი სისხლის სუნი ტრიალებდა. 20 დეკემბერს ე.წ. ოპოზიციონერების აგრესიამ პიკს მიაღწია. ისინი სიკვდილით გვემუქრებოდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ, მალე, ჩვენი გვამებით ამოავსებდნენ ორმოებს. 22 დეკემბერს, მთავრობის სახლის წინ გაშლილ კარავში, სამნი ვიყავით – მე, ლამარა არაბული და ერთი იურისტი ქალბატონი, რომელსაც რუსუდანი ერქვა (გვარი არ მახსოვს), ის
ქალბატონი, მოგვიანებით, გარდაიცვალა. მოულოდნელად, ვიღაც ქალი შემოვარდა კარავში და გვითხრა, ჩქარა, თავს უშველეთ, ომი იწყებაო! ჩვენ, რა თქმა უნდა, საშიშროებას კი ვგრძნობდით, მაგრამ, ფიცი გვქონდა დადებული, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვუერთგულებდით საქართველოს დამოუკიდებლობას და ბატონ ზვიად გამსახურდიას. სწორედ ამიტომ, კარვიდან ფეხი არ მოვიცვალეთ. ამასობაში, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის ზარმაც ჩამორეკა. ძველ საქართველოში, ალბათ, ასე არისხებდნენ უბედურებისა და შფოთის მაუწყებელ განგაშის ზარებს. ასეც მოხდა!..ათიოდე წუთის შემდეგ, დაახლოებით რვის ათ წუთზე, ,,მხატვრის სახლის” მხრიდან და ქვაშვეთის
ეკლესიის ეზოდან სროლა გაისმა. უპირველესად, კარავს ესროლეს, ჩვენ გვესროლეს, რადგან მათ განსაკუთრებულად ვძულდით. მიზეზი? ჩვენ ვიცავდით მთავრობის სახლის წინ მდებარე ტერიტორიას, რათა ე. წ. ოპოზიციას პროვოკაციული აქციები არ გაემართა და საქართველოს პრეზიდენტს მუშაობის საშუალება ჰქონოდა. სწორედ სიძულვილისა და ერთგულების გამო შეგვარქვეს ცინიკური სახელი – ,,კარვის ქალები”. ტყვიებმა კარავი დააზიანა. მრცხვენია, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ასფალტზე დავწექი და თავზე ხელები წავიფარე. მიწაზე გართხმული ვფიქრობდი: მორჩა, ყველაფერი დამთავრდა! დღეს
ჩვენ დაგვხოცავენ, ოჯახებს აგვიწიოკებენ, ოჯახის წევრებსაც დაგვიხოცავენ, თინიკოს მოკლავენ (ვიგულისხმები მე, პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი), თინიკოს წიგნებს და ნახატებს ცეცხლში დაწვავენ-მეთქი… მთავრობის სახლის მხარეს სრული სიჩუმე იყო.
ამ პროვოკაციულ სროლას არავინ გამოეხმაურა. სროლა ოპოზიციის მხრიდანაც შეწყდა. მე ფეხზე წამოვდექი, ასფალტზე დავარდნილი ილია მართლის საზოგადოების ლამაზი, დიდი დროშა ძველ ადგილზე დავამაგრე, დავიჩოქე და ვეამბორე მას. კარვიდან გამოსულმა მთავრობის სახლის კიბეებზე გაწოლილი უამრავი ადამიანი
დავინახე, ძირითადად ქალები. შიშისაგან სისხლი გამეყინა, მეგონა დახოცილები იყვნენ. მადლობა ღმერთს, ე. წ. ოპოზიციონერების პირველ შემოტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს ადამიანები, უბრალოდ, ტყვიებისაგნ იცავდნენ თავს. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ სწორედ ამ სროლების დროს დაჭრილა რომან გვენცაძე, რომელმაც საავადმყოფოში გვითხრა, რომ მხატვრის სახლის მხრიდან წამოსულმა ტყვიამ დამჭრაო. ჩემი გულუბრყვილობით, ჩავთვალე, რომ ომი დამთავრდა და კვლავ კარვისკენ წასვლა გადავწყვიტე, უცბად, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხრიდან, ტყვიების წვიმა წამოვიდა. ხალხი გაიფანტა. მე შინდისფერ დროშას ხელი ვტაცე და ჩიტაძის ქუჩისკენ გავიქეცი. ჩემს გვერდით ერთი ქალბატონი დაიჭრა და სწორედ ამ დროს, საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თურმე, ტყვიამ ფეხებს შორის, გამიარა და, მსუბუქად დამჭრა. ბატონი ზვიადის ბრძანებით, ყველა ქალი, ვინც მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით, მთავრობის სახლში შეგვიყვანეს. გარეთ
მხოლოდ შეიარაღებული მამაკაცები მოძრაობდნენ. ტკივილი გამიძლიერდა და ჩემს ქვედაბოლოზე ნატყვიარი შევამჩნიე, მაშინ მივხვდი, თუ რა სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს. ალბათ, თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც მთავრობის სახლს ე. წ. მუხა ესროლეს. სწორედ მაშინ მოკლეს ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი აჩიკო ( არჩილ ) რამიშვილი. რომელიც მთავრობის სასახლის ჩამორღვეული თაღის ნანგრევებმა იმსხვერპლა. მოგვიანებით, შევიტყვეთ, რომ კინო ,,რუსთაველთან” მოკლეს ქ-ნი აველინა
პერტია. იმავე დღეს, ე. წ. მოძრავი ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა ქ-ნი ციცინო ქევხიშვილი. რუსთაველის პროსპექტზე უკვე ინტენსიური სროლები ისმოდა. ჩვენს ბიჭებს, ,,ჰელსინკელებს” და ,,ილია მართლელებს”, იარაღი არ ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის ეროვნული გვარდია იძულებული გახდა, რომ მომხდურთათვის თავადაც გაეხსნა ცეცხლი. დიახ, ასე დაიწყო ე. წ. თბილისის ომი! ოპოზიციამ მიზანს მიაღწია, მან ბრძოლაში ჩაითრია საქართველოს ხელისუფლება,
ეროვნული გვარდია და ქართველი ერი! მთავრობის სახლს უტევდნენ მხედრიონელები (ჯაბა იოსელიანის მეთაურობით), ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ( ჭანტურია-სარიშვილის მეთაურობით), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრები (ირაკლი წერეთელის მეთაურობით), სახალხო ფრონტი (ნოდარ ნათაძის მეთაურობით), ვაჟა
ადამიას, თენგიზ კიტოვანის, ყარყარაშვილისა და თენგიზ სიგუას კბილებამდე შეიარაღებული ბანდის წევრები. რუსთაველის პროსპექტზე ნამდვილი ომი გაჩაღდა. ქუჩებში რუსული ტანკები დაგრიალებდნენ. მიზანმიმართულად ესროდნენ პრეზიდენტის ფანჯრებს ,,მუხას”. მთელი მიმდებარე ტერიტორია შემაძრწუნებლად ზანზარებდა!.. სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო აქციებით შეგვეჩერებინა რუსეთის დაკვეთით დაწყებული ეს ყოვლად სამარცხვინო, დამღუპველი ომი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემზარავი ტალღის შეჩერება, უკვე შეუძლებელი იყო. იმავე დღეებში დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები: ვარაზ ვარაზიშვილი, დათო ხელაშვილი, ვალიკო ყაველაშვილი და ემზარ ლომთაძე. აღსანიშნავია, რომ ემზარ ლომთაძე მოკლეს მისსავე დაბადების დღეს, 6 იანვარს, მეტეხის ხიდზე ჩაცხრილეს იმ
ავად სახსენებელ ავტრობუსში!.. როგორც შეგვეძლო, ისე დავკრძალეთ ჩვენი ბიჭები ,,ძმათა სასაფლაო”-ზე. ეს სასაფლაო ჩვენი იყო! პირველებმა, სწორედ, ჩვენ დავკრძალეთ სამაჩაბლოში მოკლული თანაპარტიელი რეზო ურიდია, აჭარაში მოკლული ნოდარ იმნაძე და სხვები. დღეს კი, ამ სასაფლაოზე, შესაძლოა, ჩვენი მოკლული ძმების მკვლელებიც განისვენებენ!.. იმ დღეებში, ერთადერთხელ ვნახე ბატონი ზვიადი. მას ღირსეულად, მხნედ ეჭირა თავი. მიუხედავად იმისა, რომ სახე სანთელივით ჰქონდა ჩამოქნილი
(მარხულობდა), არასდროს დამავიწყდება მისი არწივისებური, მამაცი მზერა. ის ჩვენზე წუხდა, ჩვენზე ზრუნავდა, მან შესანიშნავად იცოდა, რომ ამ დაპირისპირების უკან რუსეთის იმპერიის ვერაგული ზრახვები იმალებოდა და საქართველოს საბედისწერო მომავალსაც ჩვენზე უკეთესად სჭვრეტდა, მაგრამ, არაფრის შეცვლა არ შეეძლო… ქართველ ერს უმძიმესი დრო დაუდგა. გვესროდნენ ვაგზლის ტერიტორიაზე გამართულ მიტინგებზე, გმირთა მოედანზე, აღმაშენებლის გამზირზე, დიდუბის მეტროსთან… ათეულობით ქართველი პატრიოტი დაჭრეს და მოკლეს იმ დღეებში, ააწიოკეს ჩვენი ოჯახები, გვაპატიმრებდნენ, ჩვენს ფიზიკურ და მორალურ გატეხვას ცდილობდნენ… პირადად მე, ორჯერ დამაპატიმრეს, რაღაც აბსურდული ბრალდებები წამიყენეს, კედლებიდან ჩამომიხსნეს და დამიმტვრიეს ჩემთვის უძვირფასესი ისტორიული ფოტოები. სიცოცხლე გაუმწარეს ჩემს დას, ქართველი ერის უსაყვარლეს პოეტს, თინათინ მღვდლიაშვილს – დევნიდნენ, აშანტაჟებდნენ, აპატიმრებდნენ და აწამებდნენ მას!.. და მაინც, ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ბატონ ზვიად გამსახურდიას. ბედნიერი ვარ, რომ გადავარჩინე ბატონი ზვიადის ხელმოწერილი ილია მართლის საზოგადოების მოწმობა. ბედნიერი ვარ, რომ მე დავუბეჭდე საქართველოს პრეზიდენტს სავიზიტო ბარათები და დღემდე, სასოებით ვინახავ ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს, რომელსაც პრეზიდენტის ავტოგრაფი ამშვენებს. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ჭიქა, რომლითაც ზვიად გამსახურდიამ 26 მაისის სადღეგრძელო შესვა რესტორან ,,ქალაქურში” და ის წითელი ჭიქაც მაქვს შენახული, რომლითაც, ერთხელ, ყავით გავუმასპინძლდი პრეზიდენტს. სულ ეს დამრჩა სახსოვრად მეოცე საუკუნის უდიდესი პიროვნებისგან და საქართველოს პირველი, ღირსეული პრეზიდენტისგან. მე ილია მართლის საზოგადოების მედროშე ვიყავი. 1993 წელს, ჩემი ნაბრძოლი და ნაომარი შინდისფერი დროშა თინათინ მღვდლიაშვილს გადავულოცე. სწორედ ამ დროშას მიაფრიალებდა თინიკო მერაბ კოსტავას ეზოში მოკლული ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ნუგზარ ლეჟავას დაკრძალვის დღეს… სწორედ ამ ნაბრძოლი დროშით გააცილა უკანასკნელ გზაზე მერაბ კოსტავას დიდებული დედა, ქალბატონი ოლღა დემურია-კოსტავა!.. ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. ამქვეყნად. უბრალოდ, გვიყვარდა და გვიყვარს საქართველო და უდიდეს პატივს ვცემთ საქართველოს ეროვნულ გმირს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას!.. და, როგორც თინათინის ლექსშია ნათქვამი: ,,ჩვენ არა ვკლავდით, ჩვენ თავს ვიცავდით,
მხოლოდ და მხოლოდ!..”

p.s. ფარისევლობენ, როს ამბობენ, – გვძულს ზვიადიო!.. სინამდვილეში, იდეა სძულთ – თავისუფლების!.. – თინათინ მღვდლიაშვილი.

“დადეთ იარაღი, ბიჭებო!
თბილისს სინანულის ცრემლი მოერია…
ვაი, შინდისფერო სიზმრებო!
ეშმას არ ემონოთ,
ტაძარს არ ესროლოთ,
თბილისს არ ესროლოთ, ბიჭებო!
უშბას გადმომდგარა ქალი ლამარია,
უყვარს ლამარიას ლილეო!
უშბას არ ესროლოთ,
შხარას არ ესროლოთ,
დადეთ იარაღი, ბიჭებო!
ტირის სამეგრელო, ბედი აერია,
გული დაუამეთ, ნისლებო!..
კოლხებს არ ესროლოთ,
ცოტნეს არ ესროლოთ,
წარსულს არ ესროლოთ, ბიჭებო!
ახლა ქუთაისში თეთრი აპრილია,
თეთრი იმერეთი იმერობს!
ღმერთი არ გაგიწყრეთ,
ღმერთი არ გაგიწყრეთ,
დავითს არ ესროლოთ, ბიჭებო!
კახს რომ ეწურება გული საგულეში,
ვაზის ცრემლებია უენო!
მუხლზე დამხობილი გოდებს ალავერდი,
დადეთ იარაღი, ბიჭებო!
ლიახვს ჭირისუფლის თალხი ჩაუცვია,
ვაი, ახდენილო იჭვებო!
რა დროს ღალატია,
რა დროს კამათია,
მუმლი გაგვიმრავლდა, ბიჭებო!
ძმისგან დახვრეტილო,
ძმისგან დაჩეხილო,
ჩემო ამერო და იმერო!
ქართლის ცხოვრებიდან
კვნესის ბაზალეთი,
ქართველს არ ესროლოთ, ბიჭებო!
ჩემო ლამაზებო,
ჩემო მამაცებო,
ჩემო შეცდენილო ირმებო!
დადეთ იარაღი,
დადეთ იარაღი,
დადეთ იარაღი, ბიჭებო!”
თინათინ მღვდლიაშვილი
1992 წელი
სირცხვილი პ უ ტ ჩ ი ს ტ ე ბ ს!”

სრულად წაკითხვა