სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გამოვა, ჩემთვის ამ თავისუფლებას ფასი არ აქვს – ელისაშვილი

6 days ago 7

პატიმრობიდან გათავისუფლებული „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, მის თავისუფლებას ფასი არ აქვს.

ელისაშვილი მის გათავისუფლებას უწყვეტ საპროტესტო აქციებსა და დასავლეთიდან წნეხს უკავშირებს.

როგორც ელისაშვილი ამბობს, პოლიტპატიმრები გათავისუფლებისთვის იბრძოლებს.

„მოსალოცი დიდად არაფერია, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გამოვა, განსაკუთრებით ისინი, ვინც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები, აპრილის აქციებიდან მოყოლებული. ოკმელადან [გიორგი ოკლმელაშვილი] დაწყებული, ყველა ვინც დააკავეს, სცემეს და განსაკუთრებით ისინი, ვისაც სისხლით წაუყენეს ბრალი, ყველა სანამ არ გათავისუფლდება, ამ თავისუფლებას ჩემთვის ფასი არ აქვს. მე შეგუებული ვიყავი ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღესაც უნდა შევხვედროდი ციხეში და პრობლემა არ მაქვს, ახლავე მივბრუნდები… ვიბრძოლებ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“.

ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა და ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.

ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

თუმცა ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბაბაევმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროვოკაცია მოუწყო. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

სრულად წაკითხვა