შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს, კერძოდ პოლიციელისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.
უწყების მტკიცებით, მათი წარმომადგენლები კონსტანტინე ჩახუნაშვილს აბარებდნენ უწყებას მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, რა დროსაც ის აგრესიული გახდა და პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს მოწმეების თქმით, ის მათ “ღორებს” და “რუსის მონებს” ეძახდა.
ჩახუნაშვილმა ბრალდება უარყო და თქვა, რომ მას აღნიშნული უწყება წინა დღით ჩაბარდა და პოლიციელებმა ის დასჯის მიზნით გააჩერეს.
"წინა დღეს მოვიდნენ სახლში, ვუთხარი გამომძიებელს, რომ მაგისტრანტ მოსამართლესთან მივიდოდი გამოკითხვაზე. მეორე დღეს სამსახურში, დაცვამ მითხრა, რომ მითვალთვალებდნენ, რომ 2 მანქანა იდგა ციციშვილის კლინიკასთან. სახლში ტაქსით დავბრუნდი და ამიტომ ვერ ამიყვანეს.
საღამოს გამაჩერა პოლიციამ. მითხრეს, რომ ალკოტესტზე უნდა შევემოწმებინე. მალევე გადმომიყვანეს და დამაკავეს.
ეს არის სამაგალითო დასჯა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ [ფართო საზოგადოებაზე - რ.თ] წვდომა, აღარ ისაუბრონ საჯაროდ.
კრიმინალურ პოლიციას იქ მოსვლის მიზეზი არ ჰქონია. მე წინა დღეს მოვაწერე ხელი, რომ მაგისტრანტ მოსამართლესთან მივცემდი ჩვენებას. ვიდეო მტკიცებულებაც მაქვს”, - თქვა სასამართლო პროცესზე პედიატრმა.
სხდომაზე ბრალდებული და ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ შსს-ს მოწმეები ცრუ ჩვენებას აძლევდნენ. მოსამართლე მათ მოწმეების დეტალური დაკითხვის საშუალებას არ აძლევდა.
ადვოკატების განცხადებით, პედიატრს სახლთანაც უთვალთვალებდნენ. მათივე თქმით, სხვა დანაყოფმა [ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ჩააბარა] ჩააბარა მას უწყება და სხვამ დააკავა.
"მე ექიმი ვარ და როცა პაციენტი მოდის, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ტყუილად ციხეში არ გამიშვათ ან ჯარიმა არ დამიწესოთ ტყუილად. ამ ადამიანს ზემდგომმა დაავალა, რომ მოეტყუებინა”, - თქვა ჩახუნაშვილმა.
მასალა განახლდება