20 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებული შტატების სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ის ტრამპის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ინაუგურაციის დღესვე დაამტკიცეს.
ფლორიდის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ტრამპის ნომინაციებს შორის ყველაზე ნაკლებად საკამათო კანდიდატი იყო, რაც კენჭისყრის შედეგებზეც აისახა. მან ორივე პარტიის წარმომადგენელ სენატორთა 99 ხმა მიიღო, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
მოკლე ბიოგრაფია
53 წლის მარკო რუბიო მაიამიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კუბელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მისი ბიოგრაფია ამერიკული ოცნების ერთ-ერთი რეალური მაგალითია. მამამისი ბარმენი იყო, დედა კი სასტუმროს დამლაგებელი. რუბიოს ჰყავს მეუღლე ჯანეტი და ოთხი შვილი: ამანდა, დანიელა, ენტონი და დომინიკი.
უმაღლესი განათლება მან ჯერ ფლორიდის უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი მაიამის უნივერსიტეტი იურისტის დიპლომით დაამთავრა. პოლიტიკური კარიერა რუბიომ ფლორიდის წარმომადგენელთა პალატაში დაიწყო, სადაც ერთხანს უმრავლესობის ლიდერი და სპიკერიც იყო.
2010 წელს ის შეერთებული შტატების სენატორად აირჩიეს და მას შემდეგ სენატის არჩევნები კიდევ ორჯერ, 2016 და 2022 წლებში მოიგო. ერთხანს საპრეზიდენტო კარიერაზეც ფიქრობდა, მაგრამ 2016 წელს შიდაპარტიული მარათონი დონალდ ტრამპთან წააგო.
მოგვიანებით, ის ტრამპის 2024 წლის საარჩევნო კამპანიას შეუერთდა და მის ახლო მოკავშირედ და თანამებრძოლად განიხილებოდა. არჩევნებში გამარჯვებულმა ტრამპმა გასული წლის ნოემბერში რუბიო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა.
საგარეო პოლიტიკა
15 იანვარს, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, გამხსნელ სიტყვაში, რომლითაც რუბიომ მიმართა კომიტეტს, სადაც თავადაც 14 წელი იმსახურა, მან ისაუბრა მსოფლიოში გამეფებულ ქაოსზე და იქ წესრიგის აღდგენის აუცილებლობაზე, რაც მისი თქმით, იოლი საქმე არ იქნება.
Რუბიო თვლის, რომ ამერიკას უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკა ესაჭიროება, რათა ვაშინგტონმა შეძლოს ჩინეთზე დამოკიდებულების საფრთხის თავიდან აცილება.
“კურსს თუ არ შევცვლით, ისეთ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყოველდღიურობის უმეტესი ნაწილი, უსაფრთხოებიდან დაწყებული, ჯანდაცვით დამთავრებული, იმაზე იქნება დამოკიდებული, მოგვცემს თუ არა ჩინეთი ამის უფლებას. ამგვარი შედეგი მიუღებელია”, - განაცხადა რუბიომ.
მას სენატორებმა კითხვები უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც დაუსვეს. რუბიოს თქმით, ომი უნდა დასრულდეს და ამისთვის დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს დასჭირდება.
“თუ შეიძლება, გაგვაცანით თქვენი შეხედულება უკრაინაზე... თქვენი აზრით, რა არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, რათა უკრაინას მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ეკავოს, თუკი ის რუსეთთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება”? - ჰკითხა მას ჯინ შაჰინმა, დემოკრატმა სენატორმა.
მარკო რუბიომ პასუხად განაცხადა: “ის, რაც ვლადიმირ პუტინმა ჩაიდინა, მიუღებელია, ეს უეჭველია. მაგრამ, ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, მისი დასრულება შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა უნდა იყოს... ეს არ იქნება იოლი გზა, ამას თამამი დიპლომატია დასჭირდება... მსგავსი მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეალისტურად განეწყოს. დათმობებზე წასვლა არამარტო რუსეთის ფედერაციას, არამედ უკრაინელებსაც მოუწევთ... ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარეს გარკვეული ბალანსი არსებობდეს. არსებითად ძნელი იქნება ამ მიზნის მიღწევა - ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებაზე - თუკი ბერკეტები ორივე მხარეს არ ექნა”.
საქართველო
15 იანვრის მოსმენაზე მარკო რუბიოს საქართველო არ უხსენებია. თუმცა გაზაფხულზე, „ამერიკის ხმასთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში, მან კომენტარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც გააკეთა, საიდანაც ჩანს, რომ ის კარგად იცნობს საქართველოს, და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ყურადღებით ადევნებს თვალს. რუბიოს კომენტარი მაისშია ჩაწერილი, როცა საქართველოში ე. წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
„რუსეთთან საქართველოს დაახლოების ხილვა არ მსურს. ეს მათ მიერ არჩეული პარლამენტია. ვფიქრობ, [კანონს] ჯერ ვეტოს დაადებენ, შემდეგ მას დაძლევენ. შემაშფოთებელი ვითარებაა და აშკარაა, რომ ამას საქართველოში ხალხი ქუჩებში აპროტესტებს. ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ჩვენ ამაზე უშუალო კონტროლი ვერ გვექნება... საქართველოს პოლიტიკაში განსხვავებული შეხედულებებია, ხომ ასეა? არის პრეზიდენტი, რომელსაც [კანონი] არ მოსწონს; საკანონმდებლო შტო, რომელსაც ის მოსწონს, კანონმდებლების ნაწილს კი - არ მოსწონს; საზოგადოებიდან უამრავი ხალხია, ვინც კანონს აპროტესტებს. საქართველოში რაც ხდება, ეს მათი შიდა საქმეა და ამაზე უშუალო კონტროლი ვერ გვექნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ მოვლენების შემაშფოთებელი, შემაშფოთებელი განვითარება“, - განაცხადა რუბიომ 2024 წლის მაისში.