რატომ არის მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებული ბრალი უკანონო | იურისტის კომენტარი

3 hours ago 1

ავტორი: თამარ გეგელია, სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილ. ასოცირებული პროფესორი


რას სამართლებრივ ინტერესს იცავს რეჟიმი როცა პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით იმუქრება?

ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სასჯელი 4 წლიდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

კონტექსტი

სანამ დანაშაულის შემადგენლობის მოკლე ანალიზზე გადავიდოდე უპრიანია ვითარების აღწერა რაც წინ უძღოდა ჟურნალისტის ქმედებას რადგან კონტექსტის ანალიზი მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის გამოყენებისთვის.

მზია ამაღლობელი პოლიციამ უკანონოდ დააკავა კონსტიტუციით დაცული უფლების – გამოხატვის თავისუფლების გამოყენებისთვის, კერძოდ გაფიცვის მოწოდების თაობაზე სტიკერი გააკრა კედელზე. მზია ამაღლობელი დააკავეს თვითნებურად, შემდეგ მალევე გაათავისუფლეს ხელწერილით. ასეთ თვითნებობას ნებისმიერი კეთილგონიერი და კანონმორჩილი ადამიანის გაბრაზება შეუძლია, ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა და მასზე ძალადობა. პოლიციელის ქმედება უკანონოა, ადამიანის უკანონო დაკავება კი დანაშაული. მას შემდეგ რაც მზია გარეთ გამოვიდა ის კვლავ შეესწრო იგივე ქმედებისთვის (სტიკერის კედლებზე გაკვრა) მისი კოლეგების თვითნებურ დაკავებებს, რომლის ზედამხედველი და უკანონო ბრძანების გამცემიც, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეა, სწორედ მას გაარტყა სახეში ხელი უკანონოდ დაკავებულმა ჟურნალისტმა ცხარე კამათის დროს. ამას მოჰყვა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის დევნა ხსენებული ნორმით. მზია ამაღლობელის ჩვენებით ის დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას ირაკლი დგებუაძის მხრიდან, რაზეც დევნა ამ დრომდე არაა დაწყებული.  ირაკლი დგებუაძე რომ დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელია, მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოც გვარწმუნებს, სადაც ის მთელი ხმით ბილწსიტყვაობს და იმუქრება ქალბატონი მზიას მისამართით. ჟურნალისტის შემდგომი ჩვენება რომ ის ფიზიკურად დაამცირა ირაკლი დგებუაძემ, ჩემთვის, ობიექტური დამკვირვებლისთვის, სარწმუნოა.

დღეს საქართველოში, ქალაქებსა და ქუჩებში ძალადობრივი კლიმატია რაზეც პოლიციაა პასუხისმგებელი. მწამებლურ ძალადობას ან პოლიციელები ჩადიან თავად ან – ე.წ. ტიტუშკები, რაზეც ნულოვანი რეაგირება აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს (უმოქმედობით დახმარება), ხოლო მოსამართლეებს, არაერთი დამკვირვებლის განცხადებით, პოლიციელთა ცრუ ჩვენებების საფუძველზე გამოაქვთ მოქალაქეების სადამსჯელო გადაწყვეტილებები. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ ასრულებს თავის ნამდვილ ფუნქციას. ადამიანებს, რომლებიც ამ ტერორს არ ეგუებიან და სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება სურთ, სიტყვაც წაართვეს, ყველაფერი კრიმინალიზებულია. ასეთი სადისტური მოპყრობა ადამიანს აბრაზებს და რეჟიმის ფორმიანისთვის სილის გაწვნას აპროვოცირებს, ეს ადამიანური რეაქციაა. მეტსაც გეტყვით, ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსაც ესმის რაზეც ქვემოთ იქნება საუბარი.

ჟურნალისტის  მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა

პირველ რიგში უნდა ითქვას რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, რომელიც პროვოცირებულია წინარე მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, სისხლის სამართლის რეაქცია უფრო მსუბუქია, ამაში მალევე დაგვარწმუნებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის სისტემური და ლოგიკური განმარტება. თუკი ცხელ გულზე, შეურაცხყოფის საპასუხოდ ადამიანი პროვოკატორს მოკლავს ისჯება გაცილებით მსუბუქად ( 1 წლიდან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა) ვიდრე მკვლელობა პროვოკაციის გარეშე რომ მომხდარიყო (შეადარეთ მუხლები 111 და 108). იგივე პრინციპია ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებითაც როცა ის პროვოცირებულია. ამასთან, ასეთ ვითარებაში ნაკლებად მძიმე დაზიანება ის ზღვარია, რის გამოც შეიძლება დაისაჯო, უფრო დაბალი დაზიანების შემთხვევაში და მითუმეტეს სილის გაწვნისთვის, პასუხისმგებლობა დაწესებული არაა ( იხ. მუხლი 121). უკანონო დაკავებებზე გაცხარებული მოქალაქის კამათს მოჰყვა ალიყური. განსხვავებული მიდგომა რატომ ექნება კანონს როცა პროვოკატორი პოლიციელია?!

გახსოვთ ალბათ ანრი ოხანაშვილის ქცევა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, სწორედ პროვოკაციის დოქტრინას მოებღაუჭნენ მის გასამართლებლად.

ახლა რაც შეეხება კონკრეტულად სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლ ნაწილს. ეს მუხლი იცავს პოლიციელის კანონიერ საქმიანობას, ამიტომ არის გამართლებული მისი ცალკე გამოტანა ისევე როგორც მკვლელობის დამამძიმებელი გარემოების 109-ე მუხლით, როდესაც ანგარიშსწორება ხდება ხელისუფლების წარმომადგენელზე სწორედ მის კანონიერ საქმიანობასთან დაკავშირებით. აქ კანონმდებელს იმის თქმა კი არ სურს რომ საჯარო მოხელეების სიცოცხლე და ღირსება უფრო დიდი სიკეთეა ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანის, ასეთი დათქმა არაკონსტიტუციური იქნებოდა, არამედ იმას იძახის რომ მათი კანონიერი საქმიანობა მნიშვნელოვანია და რომ არავის თავში აზრად არ მოუვიდეს მათ კანონიერ საქმიანობაში ხელის შეშლა. მიმდინარე საქმეში ირაკლი დგებუაძე ხელმძღვანელობდა მოქალაქეების თვითნებურ დაკავებას, რაც უკანონოა. გარდა ამისა, კანონმდებელი იყენებს ტერმინს პოლიციელზე ,,თავდასხმას’’ რაც ამ დანაშაულის აუცილებელი ობიექტური ელემენტია. თუკი სსკ-ის სხვა მუხლებს გადავხედავთ სადაც იგივე ტერმინია გამოყენებული, კიდევ მეტად დავრწმუნდებით რომ აქ წკიპურტზე და ერთჯერად სილის გაწვნაზე არაა საუბარი, არამედ საშიშ ძალადობაზე. (მაგ. იხ. დანაშაულები სადაც actus reus თავდასხმაა –  179-ყაჩაღობა, 224-ბანდიტიზმი, 225 – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, 323 – ტერორისტული აქტი).

აქვე მოგიყვებით საზარელ რეალობაზე, ვინც ქართულ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას იცნობს გენდერულ დანაშაულებთან დაკავშირებით, ყველა დამეთანხმება. აქვე ვიმოწმებ საქმეებს რომ მარტივად გადამოწმებადი იყოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: 2კ-11აპ.-19, 2კ-326აპ.-18, 2კ-308აპ.-18; 2კ-487აპ.-16). როდესაც პარტნიორი კაცი მის ცოლს ან ყოფილ ცოლს დასჯა-დისციპლინირებისთვის და კონტროლის მიზნით ახრჩობს, (არა ფატალური დახრჩობა) რასაც შეეძლო დაზარალებულის სიკვდილი გამოეწვია, ქართული მართლმსაჯულება ამ ქმედებას უბრალო ძალადობად აფასებს (ოჯახში ძალადობა 1261 მუხლი – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). მსგავსი ქმედების მიმართ ასეთი ლმობიერი დამოკიდებულება და სამართლებრივი რეაგირება უკანონოა და გაუმართლებელი. კვლევები აჩვენებს სხვადასხვა ქვეყნებზე დაკვირვებით რომ დახრჩობა ფემიციდის შესავალია და როგორც წესი სწორედ მკვლელობით სრულდება მოგვიანებით. ამასთან სიცოცხლის მოსპობის რისკის მატარებელია და მინიმუმ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად უნდა შეფასდეს.  მოძალადემ კი რეალური სასჯელი უნდა მოიხადოს და არა პირობითი. დახრჩობასთან მიმართებით წამების ამკრძალავი ნორმაც რელევანტურია და რიგ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობაც კი. მაგრამ პროკურორები მითითებულ მძიმე ნორმებს არ იყენებენ.

რას იცავს მართლმსაჯულება როდესაც პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის ადამიანს 7-წლიანი პატიმრობით ემუქრება? ერთი მხრივ, ადამიანის სიცოცხლე ასეთი გაუფასურებული ჰქონდეთ მართლმსაჯულების აგენტებს და მეორე მხრივ, პოლიციის ფორმას ასე დაჰფოფინებდე, იმაზე მიუთითებს, რომ არ გაინტერესებს ღირებულებათა სისტემა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი და რასაც ფორმალურად სისხლის სამართლის კოდექსიც იზიარებს. ღირებულებათა დაცვა სწორედ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებით იწყება და არა მმართველობის დადგენილი წესით ან საზოგადოებრივი წესრიგით.

არ მგონია რეჟიმის მოსამართლეებს სინდისი გამოეღვიძოთ, მე უფრო იმის იმედი მაქვს რომ შეიძლება უფრო პრაგმატულები გახდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის. რადგან, მათაც ეცოდინებათ რომ სასტიკი და არაადამიანური რეჟიმის მოსამართლეებმა რეჟიმის ნგრევის შემდეგ პასუხი აგეს სისხლის სამართლის წესით. ფაშისტური რეჟიმის მოსამართლეებმა, როდესაც სასამართლოს წინაშე წარდგნენ, დაწერილი კანონებით თავი ვერ იმართლეს, ისინი დაისაჯნენ იმის გამო რომ ასრულებდნენ ექსტრემალურად უსამართლო კანონებს. ადამიანის სტიკერის გაკვრისთვის და პირბადის ტარებისთვის დასჯა რეჟიმის დაკვეთაა, მოსამართლემ ამ დანაშაულში თანამონაწილეობა არ უნდა დაუშვას. იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლება ,,კანონიერი უსამართლობის და ზეკანონიერი სამართლის’’ პრინციპი, მათ შორის, დღეს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი მოსამართლის მ. ტურავას სახელმძღვანელოებიდან.

პოლიციელის უკანონო საქმიანობისთვის სილის გაწვნა საერთოდ არ აინტერესებს სისხლის სამართალს და მაშინაც კი როცა კანონიერი საქმიანობისთვის მოხვდება პოლიციელს ხელი ლოყაში, ნორმის ლოგიკური და რაციონალურ წაკითხვა არ მიიყვანს მართლმსაჯულების აგენტს ასეთ მძიმე მუხლის გამოყენებისკენ. პროპორციულობის დაცვა ყველა ეტაპზე მოეთხოვება სახელმწიფოს. ჩემი შეფასებით მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებული ბრალი უკანონოა. ის რეჟიმის ტყვეა თავისუფლებისთვის მებრძოლ სხვა მძევლებთან ერთად.


კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული მასალები შესაძლოა არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.
სრულად წაკითხვა