ტრამპს „დიპ სტეიტი“ აკონტროლებს - ამბობდა ბაშარ ალ-ასადი 2017 წელს

12 hours ago 2

2017 წლის 3 ივნისით დათარიღებულ ვიდეო ინტერვიუში ინდურ მედიასთან, WION-თან ბაშარ ალ-ასადი ამბობს, რომ აშშ-ის პრობლემა მის მთელ პოლიტიკურ სისტემაშია და არა უბრალოდ ერთ ადამიანში - პრეზიდენტში.

ტელეწამყვანის კითხვას, „არის დონალდ ტრამპი ის, ვისთანაც გექნებათ საქმიანი ურთიერთობა“, ასადმა ასე უპასუხა:

„შეერთებული შტატების პრობლემა მთელი პოლიტიკური სისტემაა და არა ერთი ადამიანი. ტრამპის არჩევან ისევდაისევ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ შემსრულებელია და არა გადაწყვეტილების მიმღები“.

ასადმა მაშინ თქვა, რომ ტრამპი „ლობისტების“ და „დიპ სტეიტის“ ნაწილია:

„ის არის სხვადასხვა ლობისტური ჯგუფისა და „დიპ სტეიტის“, - გნებავთ, „ჩრდილოვანი რეჟიმის“, - ნაწილი. სწორედ ისინი კარნახობენ, რა უნდა აკეთოს პრეზიდენტმა“, - განაცხადა ასადმა.

ამის „მტკიცებულებად“ კი ასადმა მოიტანა ის, რომ, მისი თქმით, „ტრამპმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, 180 გრადუსით შეატრიალა ყველა დაპირება, რითაც კამპანიისას იკვეხნიდა“.

„რატომ? იმიტომ, რომ „დიპ სტეიტმა“ არ მისცა კონკრეტული მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმის უფლება“, - ამბობდა იგი.

ტერმინმა „დიპ სტეიტმა“ [deep (ღრმა) state (სახელმწიფო)] დასავლურ კონტექსტში განსაკუთრებული აქტუალობა 2016 წელს აშშ-ში დონალდ ტრამპის პირველად გაპრეზიდენტების შემდეგ მოიპოვა.

ამ ტერმინს ახსენებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც, რომლებმაც 2022 წლის შემდეგ განავითარეს შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად კი „გლობალური ომის პარტია“ ტერმინი „დიპ სტეიტით“ ჩაანაცვლეს, - ანალიტიკოსების თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისთვის უფრო გასაგები ფრაზით.

შეთქმულების თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, - რომლის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 10-ჯერ შემცირება, - აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მრავალი წელია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „აგენტოკრატია დაასრულა“.

ამავე შეთქმულების თეორიის მტკიცებით, გლოპ-მა მოახდინა 2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციის პროვოცირება და მათი მარიონეტები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, ევროპარლამენტი, ევროკავშირი, აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ა.შ..

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომელთანაც აშშ-მა 2009 წლიდან არსებული სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წელს შეაჩერა, - 2025 წლის 20 იანვარზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, იმედებს ამყარებდა და აცხადებდა, რომ ამის შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა.

მოგვიანებით „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც, ანალიტიკოსების თანახმად, ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების რისკები დააზღვიეს.

  • „ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, - განაცხადა „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 23 დეკემბერს;
  • „ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას“, - განაცხადა მან და დასძინა: „თუ ის შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს [არაფორმალური გავლენები/„დიპ სტეიტი“], შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ, სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ, ბუნებრივია, ტურბულენტობა გაგრძელდება“, - განაცხადა მან.
  • „ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 24 დეკემბერს.
  • სადავო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკრიტიკა „ტრამპის იმედად“ ყოფნა და ეჭვი გამოთქვა მის „სამართლიანობასთან“ დაკავშირებით. სუბარმა ტრამპის მმართველობის პირობებში შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ შესაძლო ნაბიჯებზე საუბრისას, 13 იანვარს განაცხადა: „როგორც ვერავინ ჩაგვრთო რუსეთის წინააღმდეგ ომში, ასეთივე მტკიცე პოზიცია შეიძლება დავიკავოთ სხვა მეზობლებთან დაკავშირებით“.

ბაშარ ალ-ასადი - რომელიც სირიას მართავდა 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში, აქედან 10 წელიწადი სამოქალაქო ომის პირობებში - 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, შეიარაღებული ოპოზიციის შეტევის ფონზე, მოსკოვში გაიქცა.

2024 წლის 8 დეკემბერს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოქცევისა და დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS-ის) მიერ ხელისუფლების სადავეების ხელში აღების შემდეგ, სირიის საგარეო პოლიტიკა იცვლება.

სრულად წაკითხვა