მურად ალიევი
გასული წელი აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი გახდა კლიმატის კონფერენციის “COP29” გამართვითა და, შესაძლოა, დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიების ყველაზე ძლიერი ტალღით ქვეყნის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში. ბევრი ცდილობდა ამ ორ მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პოვნას და იმედოვნებდა, რომ კლიმატის კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების დაპატიმრებები შეჩერდებოდა. იმედები ზუსტად საპირისპირო მიმართულებით გამართლდა – კონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში დამოუკიდებელი მედიის “Meydan TV-ის” ხუთი თანამშრომელი, კიდევ ორი ჟურნალისტი, ასევე პოლიტიკური მართვის ინსტიტუტის დირექტორი აზერ გასიმლი და უფლებადამცველი რუფატ საფაროვი, თითქმის ერთდროულად დააკავეს.
“დაპატიმრება ღალატს სჯობს”
აზერბაიჯანში დამოუკიდებელი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში, ონლაინ გამოცემების “AbzasMedia-ს”, ინტერნეტ ტელევიზიების “Toplum TV-სა” და “Kanal 13-ის” თანამშრომლები, ასევე მათთან როგორღაც დაკავშირებული მკვლევრები და სოციალურ-პოლიტიკური მოღვაწეები, ვალუტის კონტრაბანდისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულების ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდნენ.
2024 წლის ნოემბრისთვის “Meydan TV”, ფაქტობრივად, ერთადერთ კრიტიკულ აზერბაიჯანულ მედიად დარჩა, რომელსაც რეპრესიები არ შეხებია. რაც განსაკუთრებით უცნაური იყო იმის გათვალისწინებით, რომ ეს მედია უდიდესი (თუნდაც ცოტათი სკანდალური) პოპულარობით სარგებლობს ქვეყნის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ. წარსულში მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა ხელისუფლებასთან, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნა მისი თანამშრომლების მიმართ, ვებგვერდი კი მრავალი წელია დაბლოკილია აზერბაიჯანში. სწორედ ამიტომ ფიქრობდა ზოგიერთი, რომ ამჯერად “Meydan TV-ს” “არ შეეხებოდნენ: ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ზედმეტად ებრძოდა ტელევიზიას, საბოლოოდ კი მის არსებობას შეეგუა.
სხვა ვერსიით, რეპრესიებმა “Meydan TV-ს” გვერდი აუარა, რადგან დე იურე ის საერთოდ არ არის აზერბაიჯანული მედია – პლატფორმა – 2013 წელს შეიქმნა გერმანიაში, აქვს გერმანული რეგისტრაცია, ხოლო შტაბ-ბინა ბერლინში მდებარეობს. თუმცა, მთავარი გუნდი, რედაქტორი აინურ ელგიუნეშის ხელმძღვანელობით, ბაქოდან მუშაობდა. 2024 წლის 6 დეკემბერს კი მთელ გუნდს ბრალი წაუყენეს “ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით ჩადენილი ვალუტის კონტრაბანდაში” და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ტელეკომპანია “Meydan TV-ის” ბერლინის ოფისის თანამშრომლები ამბობენ, რომ რეალურად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც პირველი “მედია-დაპატიმრებები” დაიწყო, მიხვდნენ, რომ ადრე თუ გვიან მათი ჯერიც მოვიდოდა. მაგრამ ბაქოს გუნდმა უარი თქვა ქვეყნიდან გასვლის განმეორებით შეთავაზებაზე, რადგან მათ ეს ღალატად მიიჩნიეს ციხეში მყოფი სხვა კოლეგების მიმართ.
“ანტი-აზერბაიჯანული” რეზოლუცია
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამ, “Amnesty International-მა”, ბოლო დაპატიმრებები მოიხსენია, როგორც “დარტყმის ნაწილი, რომელიც დაიწყო ერთი წლის წინ და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი კრიტიკული ხმების ჩახშობას”.
“ჩვენ გვეშინოდა რეპრესიების “COP29-ის შემდეგ” და ახლა მოვუწოდებთ გაეროს კონფერენციის ქვეყნებს, რეაგირება მოახდინონ მიმდინარე დევნაზე აზერბაიჯანში, ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არის “COP29-ის” თავმჯდომარე.
გაეროს წესდების პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი ვალდებულებების შესაბამისად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიის ფუნქციონირება თავისუფალ გარემოში,” – თქვა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, მარი სტარზერსმა.
ევროპარლამენტი ასევე გამოეხმაურა აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებს და 19 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რეპრესიებს და მოუწოდებს ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ აზერბაიჯანის ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში. პარლამენტი ასევე მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ უნდა შეაჩეროს 2022 წელს აზერბაიჯანთან დადებული ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
ოფიციალურმა ბაქომ ამ რეზოლუციას “ანტიაზერბაიჯანული” უწოდა (როგორც ყველა სხვა მსგავს რეზოლუციას, რომლებიც ადრე იქნა მიღებული).
ამომწვარი მედია ველი
აზერბაიჯანელი იურისტები განმარტავენ, რომ “ვალუტის კონტრაბანდის” ბრალდება კრიტიკას ვერ უძლებს, თუნდაც იმიტომ, რომ კონტრაბანდის დროს ადამიანის დაჭერა მხოლოდ საბაჟოზე, სწორედ ამ კონტრაბანდის გადაზიდვის დროს არის შესაძლებელი და ჟურნალისტები, რომლებსაც ეს ბრალად ედებათ, ამ დანაშაულის კვალი “უპოვეს” სახლებში და ზოგიერთი მათგანი რამდენიმე წლის განმავლობაში საერთოდ არ ტოვებდა ქვეყანას.
არსებითად, “კონტრაბანდა” ნიშნავს საზღვარგარეთიდან დაფინანსების უკანონო მიღებას. ხელისუფლების განცხადებით, რომელსაც პროსამთავრობო მედია ავრცელებს, ამ მედიებმა ფული შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან მიიღეს, რათა “სიტუაციის დესტაბილიზაცია” მოახდინონ და დივერსიულ საქმიანობაში ჩაერთონ.
რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, ოპოზიციის ლიდერს, აზერ გასიმლს ბრალად ედება მუქარის გზით გამოძალვა, ხოლო უფლებადამცველს, რუფატ საფაროვს (რომელიც დაკავების წინა დღეს დაჯილდოვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდოთი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის) ბრალად ედება თაღლითობა.
გარდა უცხოური და უცხოური მედიის რეგიონული ბიუროებისა (BBC, ამერიკის ხმა და ა.შ.), შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის, აზერბაიჯანში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია, რომელიც აქვეყნებს ოფიციალურ კრიტიკულ ან თუნდაც უბრალოდ ალტერნატიულ ინფორმაციას. მართალია, ბაქოს რედაქციის დახურვის შემდეგ “AbzasMedia”, “Meydan TV” და სხვა გამოცემები ცდილობენ გააგრძელონ მუშაობა საზღვარგარეთიდან. მაგრამ ეს დაკავშირებულია მთელ რიგ სირთულეებთან – კადრების ნაკლებობასთან, ქვეყნის შიგნიდან ინფორმაციის მოპოვების სიძნელეებთან და ა.შ. – რაც გავლენას ახდენს პროდუქტიულობასა და ეფექტურობაზე.