უკრაინული დრონების სამიზნე ენგელსის ნავთობის ბაზაზე მეექვსე დღეა ხანძარს აქრობენ

9 hours ago 2

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მეექვსე დღეა აქრობენ ნავთობის საცავზე უკრაინული დრონებით 8 იანვარს განხორციელებული შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს.

სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე დღეს, 13 იანვარს დილის 8 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით „სამრეწველო საწარმოზე“ მოხერხდა „ღია წვის ლიკვიდაცია”. რას ნიშნავს ეს, ბუსარგინი არ აკონკრეტებს. გუბერნატორის თანახმად, მუშაობა გრძელდება.

სარატოვის ოლქის გუბერნატორი ისევ არ აკონკრეტებს „სამრეწველო საწარმოსაც”.

8 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ენგელსში იერიში მიიტანეს ნავთობის ბაზაზე, „კომბინატ კრისტალზე", რომელიც საწვავით ამარაგებს ამავე ქალაქში მდებარე სამხედრო აეროდრომს. ამ აეროდრომზე რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

9 იანვარს ენგელსში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის ბაზებს.

სრულად წაკითხვა