უცხოელი ლიდერები, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრებიან

6 hours ago 2

შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, არჩეული პრეზიდენტი უცხოელ ლიდერებს ინაუგურაციის ცერემონიაზე უმასპინძლებს.

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და კონსერვატორი მსოფლიო ლიდერები, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, მიიწვია. სი ძინპინმა თავის წარმომადგენლად ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტი გააგზავნა.

ამ დრომდე არცერთი ქვეყნის ლიდერი ვაშინგტონში ინაუგურაციაზე ოფიციალური ვიზიტით არ ჩასულა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია, 18 იანვარს უკვე დაესწრნენ „ესპანურენოვანთა ინაუგურაციის საღამოს“, სადაც ტრამპის მთავრობის მომავალი კაბინეტის ნომინანტებიც გამოჩნდნენ. მათ შორის იყვნენ სენატორი მარკო რუბიო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელადაა შერჩეული და უმცროსი რობერტ კენედი, ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატი.

ნახეთ უცხოელი ლიდერების სია, რომლებიც ვაშინგტონში ამერიკის 60-ე ინაუგურაციას დაესწრებიან.

ჩინეთი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომლის ინაუგურაციაზე მიწვევის თაობაზე დეკემბერშივე გახდა ცნობილი. სი თავად არ დაესწრება ცერემონიას, მაგრამ მისი წარმომადგენელი ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი იქნება.

ეს იმ ფონზე, როცა ამერიკასა და ჩინეთს შორის კონკურენცია ტრამპის პრეზიდენტობის დროს შესაძლოა გამწვავდეს. მთავრობის მომავალი კაბინეტის წევრობის ზოგიერთი კანდიდატიც ჩინეთის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, მათ შორისაა მარკო რუბიო, რომელმაც ამერიკის ისტორიაში ჩინეთი „ყველაზე საშიშ და ძლიერ მოწინააღმდეგედ“ დაახასიათა.

ტრამპმა პირობა დადო, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს და სხვა ზომებს მიიღებს. თუმცა, პარასკევს ტრამპსა და სის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც მათ ვაჭრობა, "ფენტანილის" პრობლემა და "ტიკტოკის" საკითხები განიხილეს. ტრამპმა საუბარს „ძალიან კარგი“ უწოდა.

არგენტინა

ხავიერ მილეი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელმაც ტრამპს 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ შეხვედრა სთხოვა და ამისთვის ბუენოს-აირესიდან არჩეული პრეზიდენტის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ფლორიდის შტატში ჩავიდა.

მილეი ტრამპთან ერთად ინაუგურაციის დღის ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე დასწრებას გეგმავს, ისევე როგორც დაესწრება მთავარ, საპრეზიდენტო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას.

იტალია

ჯორჯია მელონიც მარ-ა-ლაგოში ჩავიდა. მისი დღის წესრიგის მიხედვით, მელონი ფიცის დადების ცერემონიასაც დაესწრება.

მელონის ურთიერთობა ჯო ბაიდენთან მოსალოდნელზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ ტრამპთან ბუნებრივად უფრო მჭიდრო ურთიერთობას მოელიან. მელონი ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი მედიატორია.

საქართველო

საქართველოს პროდასავლური მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, როგორც კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინის შტატის წარმომადგენელი) სტუმარი.

ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "ფოქსთან" განაცხადა, რომ საქართველო შეიძლება იყოს „ამერიკისთვის დიდი წარმატება ან დიდი პრობლემა“ რეგიონში, რადგან იქ „რუსეთი მუდმივად ცდილობს დომინირებას.“

საფრანგეთი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ტრამპს გასულ თვეში პარიზში შეხვდა, ინაუგურაციას არ დაესწრება. თუმცა, ქვეყნის ულტრამემარჯვენე ლიდერები, როგორიცაა ერიკ ზემური და მისი პარტნიორი სარა კნაფო, ცერემონიას დაესწრებიან.

სხვა ლიდერები

ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ და პარაგვაის პრეზიდენტმა სანტიაგო პენიამ განაცხადეს, რომ მიიღეს მიწვევა და გეგმავენ მონაწილეობის მიღებას ვაშინგტონში დაგეგმილ ინაუგურაციაზე.

სრულად წაკითხვა