„ქართველები არ გაჩერდებიან ახალ არჩევნებამდე“ — პრეზიდენტის სიტყვა ევროპარლამენტში

4 days ago 4

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 დეკმებერს სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში.

თავის გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას შეადარა.

„ეს გადამწყვეტი დროა, რადგან ზოგიერთ დღეებში და მომენტებში ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და ყველაფერი მეორდება. ეს ხსნის გამბედაობას, რომლითაც ქართველი ხალხი დღეს რეაგირებს იმაზე, რასაც თავისუფლების, მომავლის და დამოუკიდებლობის ჩამორთმევად მიიჩნევს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ისაუბრა საქართველოში 21 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციებზე და თქვა, რომ საპროტესტო მოძრაობა ახლა მთელ საზოგადოებას მოიცავს. ამასთან აღნიშნა, რომ პროტესტი უფრო ადრე, რუსული კანონის პირველად ინიცირების შემდეგ დაიწყო.

„საქართველოში არასდროს ყოფილა მასშტაბური პროტესტი სოციალური საკითხების გამო. ამის მრავალი მიზეზი იქნებოდა, რადგან არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ხალხი მასობრივად გამოდის ქუჩებში საქართველოში, არის როდესაც გრძნობენ, რომ სასწორზეა ეგზისტენციალური საკითხი. ეს არის ძალიან მშვიდობიანი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომელიც ითხოვს ორ რამეს: დაგვიბრუნეთ მოპარული არჩევნების გამო წართმეული ხმა და დაგვიბრუნეთ ევროპული მომავალი. ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა, ესაა ახალი არჩევნების მოთხოვნა. იყო მცდელობა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ სვლის წარმოსაჩენად. საქართველოში არ არის ორი მხარე: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს — ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მმართველ პარტიას, რომელიც რუსეთის გზას ადგას, ზოგჯერ მაინც უწევს წარმოაჩინოს, თითქოს ევროპის გზაზე ბრუნდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეიძლება თვითონაც ნათლად ვერ ხედავდა „ქართული ოცნების“ რუსულ გზას, რომელიც 2019 წლის გავრილოვის ინციდენტით დაიწყო, ხოლო 2024 წლის არჩევნების შემდეგ უფრო დაჩქარდა.

„რუსული სახელმწიფოს მშენებლობა არის ის, რაც თანდათანობით ხდება. ყველა ინსტიტუტი ერთი პარტიის კონტროლის ქვეშაა“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა არჩევნების გაყალბებაზე, რომელიც კენჭისყრის დღემდე ბევრად ადრე დაიწყო და „ქართული ოცნების“ რუსული სტილის პროპაგანდაზე.

„არჩევნების დროს პოლიცია ვერ მოიძებნა. მე პირადად ვხედავდი ძალადობას, რომელიც ხდებოდა ზოგიერთ რაიონსა და უბანზე. დავურეკე შინაგან საქმეთა მინისტრს და ვერც მობილურზე, არც სამთავრობო ქსელით პასუხი ვერ მივიღე. ვერც მის მოადგილეს დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. არ არსებობს სასამართლოები, რათა განსაჯონ დარღვევები და საჩივრები“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არჩევნებზე დაირღვა ორი ძირითადი პრინციპი: საყოველთაობის, რადგან დიასპორის მილიონზე მეტ წევრს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და ფარულობის პრინციპი.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ერთი კაცის კონტროლის მიღმა მხოლოდ ოპოზიციური მედია და პარტიები, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი რჩებიან და სამივე მათგანი სამიზნეა.

„ერთ კვირაში ან უმეტეს შემთხვევაში მე არ მეყოლება დაცვა, მაგრამ არც ვიცი, ამ ეტაპზე ეს საფრთხეს ნიშნავს თუ არა… ამავდროულად, არის სიძულვილის კამპანია და ბრალდებები ზოგიერთი მცირე ჯგუფისგან, რომლებიც არჩევნების შემდეგ ყველაფერს მპირდებიან“, — თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველები არ აპირებენ შეეგუონ რუსიფიკაციას და არ გაჩერდებიან, სანამ არ მიიღებენ ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა სჭირდებათ დასავლეთის დახმარება.

„პირველ რიგში, ეს ეხება ევროპის სანდოობასაც. ევროპას არ შეუძლია, ქვეყანას, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, უფლება მისცეს დაარღვიოს ყველა დემოკრატიული ნორმა და მისი ფუნდამენტური პრინციპები. საქმე ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსაც. საქართველო იყო, არის და დარწმუნებული ვარ, იქნება დასავლეთისა და ევროპის დასაყრდენი რეგიონში. რუსეთი მის ხელში ჩაგდებასაც ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს თავისი იმპერიული დროის გენერლების ნათქვამი, რომ ვინც ფლობს თბილისს, ფლობს კავკასიას. რუსეთისთვის ეს არ შეცვლილა.

თუ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცევა — სამხედრო ინტერვენციას არ ვგულისხმობ, ვსაუბრობ საარჩევნო და კონსტიტუციურ ინტერვენციაზე — ძალიან მაღალი ფასი იქნება. ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ეს ეხება ყველაფერს, რაც უკავშირდება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან დაკავშირებას. ეს ეხება სომხეთის ევროპულ მომავალს. ასე რომ, სასწორზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ საქართველო და მხოლოდ საქართველოს დემოკრატია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ რუსეთი საქართველოში უფრო იაფი ინტერვენციის ფორმას ტესტავს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას მოითხოვა აქტიური ნაბიჯების გადადგმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

„სანამ თბილისში ევროპული დროშები იკრძალება, ქართველები კვლავ ელოდებიან მკაცრ ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. და იმედი მაქვს, ჩვენ არ მოგვიწევს უფრო ღრმა კრიზისის ლოდინი, რათა ევროპა იმოქმედოს. რა შეუძლია ევროპას? უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი საფეხურებიდან, რადგან ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და თქვენი ზურგი გვაქვს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა