„ქართული ოცნება“ საკრებულოებში მაჟორიტარების რაოდენობას ზრდის და 2017 წლის მოცემულობას უბრუნდება

1 week ago 7

„ქართული ოცნება“ საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობას ამცირებს, მაჟორიტარებისას კი ზრდის. კანონპროექტს პარლამენტი, რომელშიც მხოლოდ სახელისუფლებო პარტია შევიდა, დაჩქარებული წესით განიხილავს.

გასული არჩევნები აჩვენებს, რომ სახელისუფლებო პარტიას, ოპოზიციისგან განსხვავებით, უადვილდება მაჟორიტარული წესით გამარჯვება, პროპორციული წესით მანდატების გადანაწილება კი საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების მოხვედრის შანსებს ზრდის.

ამ საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტი უბრუნდება 2017 წლის მდგომარეობას, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ შეიცვალა. იურიდიულ საკითხთა სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გივი მიქანაძემ წლების წინ არსებულ მოდელთან დაბრუნება „ამომრჩეველთა ინტერესებით“ ახსნა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში:

  • თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატიდან 25 მაჟორიტარი იქნება (ახლა 10-ია);
  • თვითმმართველ ქალაქებში 35 დეპუტატიდან 15 მაჟორიტარი იქნება (ახლა 7-ია);
  • თვითმმართველ თემებში განსხვავებულია დეპუტატებისა და მაჟორიტარების რაოდენობა. მოქმედი კანონით მაჟორიტარების რაოდენობა მერყეობს 6-დან 15-მდე. პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობა კი ორჯერ აღემატება მაჟორიტარების რაოდენობას.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, დოკუმენტი უნდა ამოქმედდეს მიღებისთანავე. კანონპროექტის მიღებას სამი მოსმენა სჭირდება და პლენარულ სხდომაზე სამჯერ კენჭისყრა. თუ დოკუმენტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ის განსახილველად ისევ პარლამენტს უბრუნდება.

პრეზიდენტი ისე, როგორც ბარიერგადალახული ოთხივე პარტია, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს პარლამენტს კი არალეგიტიმურს. პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ მუშაობს.

სრულად წაკითხვა