ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, მიმდინარეობს პირველ მძევალთა დაბრუნების პროცესი

5 hours ago 4

ღაზის სექტორში 19 იანვარს ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის - რითიც, როგორც იმედოვნებენ, დაიწყო ექვსკვირიანი სიმშვიდის პერიოდი. შეთანხმებით ასევე გაძლიერდა იმედები, რომ ჰამასი გაათავისუფლებს ათობით მძევალს და 15 თვის განმავლობაში მიმდინარე, დამანგრეველი ომი დასრულდება.

მანამდე, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მხრიდან შეფერხებამ თითქმის სამი საათით გადადო შეთანხმების ამოქმედება - რამაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა ვითარების სიმყიფე.

ღაზიდან პირველი მძევლები წითელი ჯვრის მანქანებმა უნდა გამოიყვანოს, სააგენტო ასოშიეიტედ პრესის (AP) თანახმად, უცნობია ამ პროცესს რამდენი დრო დაჭირდება.

ისრაელმა გამოაცხადა პირველი სამი მძევლის სახელები - მათი, ვინც კვირას, მოგვიანებით უნდა დაბრუნდეს სახლში, 90 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.

ისრაელის ოფიციალურმა პირმა ასოშიეიტედ პრესს დაუდასტურა, რომ კვირას გათავისუფლდებიან 24 წლის რომი გონენი, 28 წლის ემილი დამარი და 31 წლის დორონ შტეინბრეხერი.

ღაზაში ხალხმა ცეცხლის შეწყვეტის ზეიმი შეთანხმების ამოქმედებამდე დაიწყო, პალესტინელები თავიანთ სახლებს უბრუნდებიან,

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ღაზაში ომის დასრულებას. ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასმა - რომელიც ამ პატარა ზომის სანაპირო ტერიტორიას აკონტროლებს - 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანა იერიში. ისრაელის მონაცემებით, ამ დღეს დახოცეს 1200 ადამიანი და დაატყვევეს 250-ზე მეტი პირი.

მას მერე, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის ძალებმა ღაზაში იმსხვერპლეს 47 000-მდე პალესტინელი.

ომმა ასევე გაამწვავა კონფრონტაცია ისრაელსა და მის მეტოქე სახელმწიფოს, ირანს შორის - რომელიც მხარს უჭერს ჰამასს და რეგიონში მოქმედ, ისრაელისა და აშშ-ის მოწინააღმდეგე სხვა გასამხედროებულ დაჯგუფებებს.

სრულად წაკითხვა