WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი განმარტავს, რატომ ეკიდა კაბინეტში მიხეილ სააკაშვილის სურათი, როდესაც ის სომხეთში ელჩი იყო.

ამის შესახებ შარმანაშვილმა დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამრთლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ისაუბრა. ის ერთ-ერთია „ოცნების“ იმ დეპუტატებს შორის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ენმ-ის და სხვა პარტიების ასაკრძალად სარჩელს წარადგენს.

შარმანაშვილს ენმ-ს წევრმა ანა წითლიძემ შეახსენა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ელჩად მიხეილ სააკაშვილის დანიშნული იყო.

შარმანაშვილის თქმით, დიპლომატიურ სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ ელჩი პოლიტიკურად ნეიტრალურია და არანაირად შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ამიტომ შარმანაშვილის თქმით, ამ კანონიდან გამომდინარა  „ყოვლად წარმოუდგენელია“, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების „რამე ფიგურად“ წარმოაჩინონ.

„ხშირად გვხვდება ვითომ კომპრომატებად. იმდენად სასაცილო დონემდე მიდიან, რომ როდესაც ელჩი ვიყავი, სახელმწიფოს მეთაურის სურათი ეკიდა ელჩს გერბის გვერდზე. ასე იყო დადგენილი საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგლამენტით და ეს რატომ ეკიდაო? მარტო მე კი არა, მაშინ 30-ზე მეტი ელჩი გვყავდა მთელ მსოფლიოში და ყველგან ეკიდა. აი, ასეთი კომპეტენციის ხალხთან გვაქვს საქმე და ამათ ჰგონიათ, ასეთი რაღაცის წარმოჩენით, რაღაცას გააკეთებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. ამ კომისიამ შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც სუსტდებოდა პრეზიდენტის როლი, ხოლო ძლიერდებოდა – პარლამენტის, მთავრობისა და პრემიერის.

ენმ-ის მაშინდელი ოპოზიცია ეჭვობდა, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტობის უფლებას მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ დაკარგავდა, გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

ოპოზიცია ამის დასაზღვევად ითხოვდა, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ მოქმედ პრეზიდენტს აღარ ჰქონოდა 5 წლით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება, რაც კომისიამ არ გაიზიარა იმ არგუმენტით, რომ ეს პერსონებთან დაკავშირებული საკითხი იყო, რაც კონსტიტუციის რეგულირებას სცდებოდა.

თენგიზ შარმანაშვილის ბიოგრაფია მოკლედ: თენგიზ შარმანაშვილი არის სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. 1995-1999 წლებში ის იყო დეპუტატი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ (ედპ) სიით. სხვადასხვა დროს შარმანაშვილი მუშაობდა სასამართლო სისტემაში, მათ შორის იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე (2004-2005 წწ) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (2005-2006 წწ — სპეციალისტი; 2016 წელს — იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე). 2006-2009 წლებში თენგიზ შარმანაშვილი იყო UNDP-ის პროექტის ექსპერტი. 2009-2010 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო, რის შემდეგაც, 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დომინირებულმა პარლამენტმა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა.