შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს, რუსთაველზე საპროტესტო აქცია გრძელდება

3 weeks ago 12

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება.

უწყება მოუწოდებს დემონსტრანტებს პროტესტი გამოხატონ „კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“.

შსს-ს განცხადების თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები.

ძალოვანი უწყების განცხადებით, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშები.

„აქციაზე მყოფ პირებს მობილიზებული აქვთ პიროტექნიკა, ქვები, სხვადასხვა მძიმე საგნები, რომელსაც ისინი სავარაუდოდ კვლავ სამართალდამცველთა წინააღმდეგ გამოიყენებენ“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

ხალხმრავალ საპროტესტო აქციას, რომელიც რუსთაველზე უკვე მესამე დღეა გრძელდება, დემონსტრანტები ამ წუთებშიც ემატებიან.

ათასობით დემონსტრანტი მესამე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ეს განცხადება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილების მტკიცებულებად მიიჩნია.

28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

უკვე მესამე ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.

სრულად წაკითხვა