აშშ და არაბული სახელმწიფოები 18 დეკემბერს აგრძელებნ მცდელობას, შეწყდეს ცეცხლი ისრაელსა და ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) შორის.
ღაზის სექტორიდან მედიკოსები იტყობინებიან, რომ ისრაელის თავდასხმას ღამის საათებში სულ მცირე, 16 პალესტინელი ემსხვერპლა.
Reuters-ი იმოწმებს კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებასთან დაახლოებულ წყაროებს, რომელთა თანახმად, უახლოეს დღეებში მხარეებმა შეიძლება ხელი მოაწერონ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის და ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესახებ.
მედიკოების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათი პირი დაიღუპა ქალაქ ბეით-ლახიაში, სადაც ისრაელის არმია ოქტომბრის შემდეგ მოქმედებს, ხოლო ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ცალკეულ საჰაერო დარტყმებს ღაზაში, ნუსეირატის ბანაკში და რაფაჰში, სექტორის სამხრეთში. ისრაელის არმიას ამ თავდასხმებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელსაც ეგვიპტელი და კატარელი შუამავლები შეუერთდნენ, ბოლო დღეებში აქტიურად ცდილობენ მოლაპარაკებაში წინსვლას, სანამ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დატოვებდეს თავის თანამდებობას იანვარში. პალესტინელმა მოხელემ, რომელიც ახლოსაა მოლაპარაკებასთან, განაცხადა, რომ შუამავლებმა შეთანხმების პუნქტების უმეტესობაში გარღვევას მიაღწიეს, მაგრამ, მისი თქმით, ისრაელმა წამოაყენა მოთხოვნა, რომელიც ჰამასმა არ მიიღო. მას დეტალები არ დაუზუსტებია.
18 დეკემბრისთვის დაგეგმილი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის დოჰაში ჩასვლა და კატარის პრემიერმინისტრთან, შეიხ მუჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ ტანისთან შეხვედრა დარჩენილი უთანხმოებების მოსაგვარებლად.
ბოლო წლის განმავალობაში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა და ყველა წარუმატებლად დასრულდა: ისრაელს სურს ღაზაში თავისი ჯარის ნაწილები დატოვოს, ჰამასი უარზეა მძევლების გათავისუფლებაზე, სანამ ისრაელის სამხედროები ღაზიდან არ გავლენ.
ღაზაში ომი დაიწყო შარშან ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ. ამ იერიშის დროს 1200 პირი დაიღუპა და 250 მძევლად გაიტაცეს. ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო საომარ მოქმედებებს ღაზაში 45 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, რეგიონის 2,3 მილიონიანი მოსახლეობა იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრებელი, სექტორის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.