ცხინვალში გეგმავენ “ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი” კანონი მიიღონ

1 day ago 4

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი” კანონის ინიციატივით მიმართა, რომლის ბრძანებაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა გასცა.

დე ფაქტო სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, “ეს საჭიროება ეფუძნება მიღებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე მოქალაქე არის “რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალული სოციალური ქსელის წევრი, სადაც მამაკაცის გეოსოციალურ ქსელში გაცნობის წვდომა არსებობს. ეს აპლიკაცია ლგბტ თემისა და პედოფილიის გამრავლების საშუალებას იძლევა”.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობით, წარმოების პროცესშია ოპერატიული სამძებრო სამუშაოები იმ პირების მიმართ, რომლებიც “ანონიმურ ტელეგრამ არხებში ავრცელებენ რესპუბლიკის მცხოვრებელთა ფოტოებს, არღვევენ თანამოქალაქეების პატივისა და ღირსებას, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობენ ლგბტ პროპაგანდაში”.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ასევე ტარდება შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავს დარღვევების გამოვლენას და ცილისწამების ან სხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემას.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო იძლევა გაფრთხილებას, რომ ყალბი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, შესაძლოა სერიოზული სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს,” – აღნიშნავს დე ფაქტო უწყება.


2024 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიურის საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა.

მმართველი გუნდში ამტკიცებენ, რომ თითქოსდა არსებობს რაიმე დისკუსია ქორწინების ალტერნატიული ფორმების შემოღების შესახებ, რის გამოც კანონპროექტით დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება — ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და კაცს შორის.

ასევე ცვლილებებით აეკრძალებათ არასრულწლოვანის შვილად აყვანა მათ, ვინც თავს საკუთარი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, მათ შორის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა – მარტოხელა პირებსაც.

კანონპროექტით ასევე აიკრძალება სქესის შეცვლის ოპერაცია ან რაიმე სახის სხვა სამედიცინო მანიპულაცია და აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ საბუთში ადამიანისთვის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.

მმართველი პარტიის საკანონმდებლო ცვლილებებით, დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება, მაუწყებლებს კი აეკრძალებათ ლგბტ ადამიანების ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ეთერში გაშვება:

კიდევ ერთი აკრძალვა ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის საკითხს. კერძოდ, კანონპროექტი კრძალავს საჯარო შეკრებას ან მანიფესტაციას, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია „ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

ამასთან, კანონპროექტით შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო სამართლებრივ დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულებებში, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული „ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს შრომის კოდექსში 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ დაწესებას და უქმედ გამოცხადებასაც.

არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მანიპულირებს მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.

ამ თემაზე:

სრულად წაკითხვა