"ძალიან არ მომწონს ცნობილი ადამიანების ორმხრივი სტანდარტი" - რას ამბობს ზურა ხაჩიძე

1 day ago 4

"კვირის პალიტრა" აქვეყნებს მომღერალ ზურა ხაჩიძის პოზიციას, იმ მოვლენებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში და ქართულ პოლიტიკაში ხდება:

"დიდი ხანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ქვეყნის წარმატებას ვუყურებ. თუ რამე ხელშესახები გაკეთდა ევროკავშირთან დასაახლოებლად, სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა... კობახიძის განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე სწორედ ისე გავიგე, როგორც იყო ნათქვამი. ზოგიერთმა კი არასწორად გაიგო, მეორე დღესვე გამოვიდა პრემიერი და განმარტა. ევროკავშირი გაფართოებას 2030 წლამდე ისედაც არ გეგმავს, ეს არის მათი მხრიდან გაცხადებული. 2028 წლამდე მოვემზადებით, ყველა ვალდებულებას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გვაკისრია, შევასრულებთ და 2028 წელს განაცხადს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გავაკეთებთო. რა იყო აქ გაუგებარი? თუმცა ისიც ითქვა, თავად დღეს თუ გახსნიდა ევროკავშირი მოლაპარაკებას, ხელისუფლება იმ დღესვე ხელს მოაწერდა.

ოპოზიცია ყველგან და ყოველთვის ყველაფრით მანიპულირებს. სავარაუდოდ, მათ დააჯერეს ის ადამიანები, ვინც გულწრფელად არიან გამოსული, არ ვლაპარაკობ იმ ნაწილზე, ვინც მოლოტოვის კოქტეილებს ისვრის და პოლიციელს წვავს. პოლიცია კი მართლაც მოწოდების სიმაღლეზეა. ინტერნეტში ხელმისაწვდომია, როგორ იქცევა ამერიკის პოლიცია, საფრანგეთის, სხვა ევროპული ქვეყნების, როგორ შლიან აქციებს, რა ფორმას იყენებენ. არ გამოვრიცხავ, ცალკეულ გადაცდომებს ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან. ვიცი, ეს ის ადამიანები არიან, ვინც 2008 წლის ომში ამ ქვეყანას იცავდნენ. ახლა კი მათ ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებენ, შეიძლება ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ ეს გადაცდომები ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს. ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საპროტესტო აქციებზე იმყოფებიან. იქ ბევრი მშვიდობიანად დგას, მაგრამ მათ გვერდით ისეთებიც არიან, ვინც ქაოსს და დაძაბულობას ქმნიან. მშვიდობიანი მონაწილეები ასეთებს აუცილებლად უნდა გაემიჯნონ.

ძალიან არ მომწონს ცნობილი ადამიანების ორმხრივი სტანდარტი. ძალადობას თუ გმობ, არ შეიძლება, დაგმო ცალმხრივად. გმობენ ჟურნალისტზე ძალადობას, მაგრამ არ გმობენ "იმედის" ან "პოსტივის" ჟურნალისტზე ძალადობას. ეს არ არის ორმხრივი სტანდარტი? ეს ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. ახლო წარსულში ჩვენ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი უკვე ჩამოვაგდეთ და ხომ გვახსოვს, რა მოჰყვა ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებას? ცუდი გამოცდილება გვაქვს და ყველამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რომ იგივე არ განმეორდეს. ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა ავიყვანოთ, ძმათა შორის დაპირისპირება რომ ავირიდოთ. მეორე მსოფლიო ომის დროს, მსოფლიოს ლიდერებმა აკრძალეს ჰიტლერის პარტია. ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ უნდა მივიყვანოთ. ამ ქვეყანაში სისხლი არ უნდა დაიღვაროს, ისედაც დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ერთმანეთს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. პრემიერმაც არაერთხელ მოუწოდა დაინტერესებულ პირებს შეხვედრისკენ, დიალოგისკენ.

სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, ხშირად ფიზიკურ ძალადობაზე მეტიც კი. ვინც ბულინგს მიმართავს, მისი პრობლემა კატეგორიული აზროვნებაა. ვინც მის მსგავსად არ ფიქრობს, ყველა მტერია, ყველა რუსია, მოღალატე და სამშობლოს გამყიდველი. სხვანაირად ვერ ფიქრობენ. პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან. ჩვენი ქვეყანა კანონს გამჭვირვალობის შესახებ რომ იღებდა, მაშინ განცხადება გავაკეთე, ოდესმე თუ დავინახავ, რომ "ქართული ოცნება" ევროპული გზიდან გადაუხვევს და რუსეთისკენ წავა, ქუდს დავიხურავ და წამოვალ-მეთქი. დღეს რაღაც ტექსტებზე მთაგავენ, მაბულინგებენ, წერენ, - დაგაგვიანდა, წამოსვლის განცხადებას რატომ არ აკეთებო? ქვეყნის კურსი არ შეცვლილა, ძალიან ბევრ ინფორმაციას ვეცნობი ნეიტრალური პოლიტიკური ექსპერტებისგან, დასავლელი ანალიტიკოსებისგან. ბულინგი დატრენინგებული ახალგაზრდების ხელწერაა, აკერმანის სწავლებები რომ გაიარეს. გაიხსენეთ, რამდენი ხელოვანი ესწრებოდა ამ ტრენინგებს და როგორ ლაპარაკობდნენ, ჩვენ ხელოვნებაზე ვისმენდით ლექციებსო. ეს ადამიანები შეცვივდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ნახეთ, როგორ ელაპარაკებიან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ყველა დამკვირვებელმა, რომელიც არჩევნებს ესწრებოდა, აღიარა არჩევნების შედეგი და რაღაც ჯგუფს, რომელსაც არ სურს ამ ქვეყნის წარმატება, დიდი სურვილი აქვს, ომში ჩაგვითრიონ, ძალადობენ და არ აღიარებინებენ მათ ლიდერებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეზობელმა მოგვილოცა, რუსეთის გარდა. რუსეთი ამ პროცესში საერთოდ არც ერევა. ტრამპი როგორც კი "თეთრ სახლში" შევა, მსოფლიოს პოლიტიკა შეიცვლება და ბევრი რამ შეიცვლება საქართველოშიც. მაქვს მოლოდინი ობიექტური მიდგომების, გადატვირთვის პოლიტიკის. შესაბამისად, ევროსტრუქტურების ტონალობაც შეიცვლება. დიდი იმედი მაქვს, უკრაინაში ომი დასრულდება და საფრთხე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა, მოიხსნება. საქართველოში მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ჩვენი ქვეყნისგან აღარაფერი დარჩება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, ახლა მთავარია, ეს ტურბულენტური პერიოდი მაქსიმალურად ფრთხილად გავიაროთ. მმართველმა ძალამ ძალიან კარგად იცის, რა არის დღეს საჭირო" - ამბობს ზურა.

მისი აზრით საჭიროა პენსიების გაზრდა, ხელფასების ზრდა, სუვერენიტეტის განმტკიცება, საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ყოველდღიურობას უკეთესობისკენ შეცვლის.

"ამბობენ, რომ მიდიან სამართალდამცავებთან და რუსულად ელაპარაკებიან, შეურაცხყოფას აყენებენ იმ ბიჭებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მათგან ბევრს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც აქვთ მონაწილეობა მიღებული. ძალიან გულდაწყვეტილები არიან. ისეთი გაწონასწორებული პოლიცია, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს, აქამდე არ გვყოლია. წინა ხელისუფლების დროს, სამმართველოსთან რომ შევიკრიბეთ და უცნობი ღობეზე გადახტა, მაშინ სპეცრაზმი სკანდირებდა: "მიშა! მიშა!" და თავიანთ ფარებს დუბინკებს ურტყამდნენ. დღევანდელი პოლიცია დაცლილია პოლიტიკისგან. მათაც ძალიან კარგად იციან, აქციის მონაწილეების ნაწილი, როგორ არის შეცდომაში შეყვანილი.

მიხეილ ყაველაშვილს 25 წელია ვიცნობ. მერაბ ჟორდანიასთან ვიყავი ჩასული და მაშინ გავიცანი, როდესაც ის შვეიცარიაში ერთ-ერთ გუნდს წვრთნიდა. არა მგონია, პატრიოტიზმს საზღვარი გააჩნდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი სისხლით და ხორცით საკუთარი ქვეყნის დიდი პატრიოტია, ძალიან კარგი ქართველია. დიპლომზე აპელირებენ. დიპლომიანი ბევრი პოლიტიკოსი ვიცით, რომელიც დღეს ერეკლე მეფეს, ისტორიას გვილანძღავს. სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს რომ მოუწოდებდა სკოლებიდან გამოსვლაზე, რა დიპლომზეა ლაპარაკი? ეს ადამიანი რამდენ არაკონსტიტუციურ ქმედებაშია მხილებული. მიხეილ ყაველაშვილს წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, წინა ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ის ქართველ ხალხს იმედს არ გაუცრუებს. სწორედ ამ დამოკიდებულებით შეირჩა ამ თანამდებობაზე. ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, რომ ნდობა აღიდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამ ქვეყანაში - ამბობს ზურა ხაჩიძე.

სრულად წაკითხვა