ვახტანგ (ვატო) ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, რომლებიც მედიაში ხშირად მოიხსენიებიან კრიმინალურ ავტორიტეტებად, და კიდევ ერთი პირი, შოთა ყიფიანი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მედიაში ავთანდილ ბილანიშვილის სახელი არაერთხელაა ასოცირებული ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერასთან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მეგობრობდნენ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომლის ვინაობაც უცნობია და რომელმაც, პროკურატურის ინფორმაციით, „ფიზიკური ტკივილი განიცადა“. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამივე ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. მათმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ 16 ოქტომბერს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ დაკავებულების პოზიციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
47 წლის ყიფიანი მედიაში უკვე წლებია, რაც საქართველოს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულ ფიგურად მოიხსენიება. „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ცნობით, მას წარსულში არაერთი ნასამართლეობა აქვს; ბოლოს კი საქართველოში 2021 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან გამოაძევეს.
2020 წელს, გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ ყიფიანი კრიმინალურ ავტორიტეტებად ცნობილი ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის ორგანიზების წარუმატებელ მცდელობებში დაადანაშაულა.
რაც შეეხება ბილანიშვილს, იგი 75 წლის კრიმინალური ავტორიტეტის კაკო ბილანიშვილის შვილია. ბილანიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად 2019 წელს მოექცა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა. მოგვიანებით, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, უწყებამ განაცხადა, რომ ბილანიშვილი საქმის ფარგლებში შესწავლილ ვიდეომასალაში არ ჩანდა.
ქართულ მედიაში ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის მეგობარია. ოპოზიციურად განწყობილმა ქართულმა ტელეარხებმა სოციალურ ქსელებში მათი ერთობლივი ფოტოებიც გაავრცელეს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები