თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის მონაწილე 11 ბრალდებული.
დაცვის მხარე მათთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე და პროკურორები (გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა) ამას არ დაეთანხმნენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე, რაც სავარაუდოდ არაერთ თვეს ნიშნავს, ბრალდებულები საპატიმროში დარჩებიან.
სასამართლომ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი.
პროკურატურა მათ სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, როგორც ცნობილია, გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ ორი სხვადასხვა – 6 და 5 პირიანი სისხლის სამართლის საქმე ერთ სს საქმედ გააერთიანა. რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასასამართლოს ვადის გაგრძელების შესახებ და 16 იანვარს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის ახალ თარიღად განსაზღვრა 5 მარტი.