ზურაბიშვილი, ბოკერია, ჩერგოლეიშვილი – ვინ ესწრება საქართველოდან ტრამპის წინასაინაუგურაციო წვეულებას

8 hours ago 2

დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ვაშინგტონში რესპუბლიკელების ყრილობა გაიმართა. წვეულებას საქართველოდან ესწრებიან სალომე ზურაბიშვილი და “ფედერალისტების” ლიდერები – გიგა ბოკერია და თამარა ჩერგოლეიშვილი.

მათი ინფორმაციით, ისინი მიიწვია მასპინძელმა, დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა.

“მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩემი სახით, საქართველო არის წარმოდგენილი ამ ინაუგურაციაზე […] არ შეიძლება, რომ რეჟიმი იყოს დასანქცირებული, როგორც არის უკვე, მისი მთავარი წარმომადგენლები. არ შეიძლება, რომ იყოს ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი  მიკერძოებული და ერთი ადამიანის ხელში და ამ დროს, ვინმე საუბრობდეს ლეგიტიმაციაზე. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ არჩევნების საკითხი. ეს არის ის საკითხი, რომელიც ეხება რეჟიმს, რომელიც გამოვიდა კონსტიტუციიდან, რომელსაც აღარ აქვს არცერთი ნიშანი დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის. ამდენად, მას ვერ ექნება ვერცერთი პრეტენზია, რომ იყოს ლეგიტიმური წარმომადგენელი ჩვენი ხალხის. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი აქ”, – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველს.

ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ის შეხვდა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ლიდერებს. მათ შორის, მარკო რუბიოს, რომელიც სახელმწიფო მდივანი იქნება და პიტ ჰეგსეტს, რომელიც თავდაცვის მდივნის პოსტს ჩაიბარებს.

თამარა ჩერგოლეიშვილის თქმით, ის აპირებს აშშ-ს პრეზიდენტის მომავალი ადმინისტრაციისა და ზოგადად, რესპუბლიკური პარტიის წევრებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე ესაუბროს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს, ვინც აქ არის შეკრებილი, ავუხსნა, რომ რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს, არის არა მარტო რუსეთის მოკავშირე, არამედ ირანის მოკავშირე. ჩინეთის ანაცვლებს აშშ-ს. ამაზე საჯაროდ საუბრობენ და ამ ყველაფერს მოვუყვებით აქ ამ ხალხს […]

აქ არის ყველა რესპუბლიკელი სენატორი აშშ-ს, აქ არის მარკო რუბიო. არის რესპუბლიკელების წვეულება. მასპინძელი არის დონალდ ტრამპ ჯუნიორი, მაიკლ გოდფარბი – ჩვენი კარგი მეგობარი და 5-6 [ადამიანი]. დონორები ვინც არიან რესპუბლიკური პარტიის, არიან ამ წვეულების მასპინძლები. აქ კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი ქართველი სტუმარი. მე არ ვილაპარაკებ მის ნაცვლად, თავად იტყვის. აქ არის ასევე კონგრესმენი უისლონი, რომელიც მოიწვიეს იმისთვის, რომ აი ამ მნიშვნელოვან ქართველ სტუმარს გააცნოს აი ეს ყველა რესპუბლიკელი სენატორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურ სტაფს იცნობდე, იმიტომ, რომ რეალურად ისინი აკეთებენ საქმეს. რასაკვირველია, სენატორებთან, კონგრესმენებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნივშნელოვანი არის მათ სტაფთან ურთიერთობა. მოკლედ, ძალიან კარგ თავყრილობაზე ვართ”, – განაცხადა თამარა ჩერგოლეიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა რესპუბლიკელმა კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა. სწორედ უილსონის მიწვევით დაესწრება ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას.

“მოხარული ვარ, ორი დიდი პატრიოტის, პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრით, რათა დავიცვათ აშშ-საქართველოს მტკიცე ურთიერთობა და დავამარცხოთ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი”, – წერს უილსონი.

I am grateful to bring together two great patriots President @Zourabichvili_S & Secretary of State @marcorubio to safeguard the strong US-Georgia relationship and defeat the tyrannical Ivanishvili regime pic.twitter.com/WO0I6ETqZs

— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 18, 2025

დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე “ქართული ოცნების” არცერთი წევრი არ არის მიწვეული.

სრულად წაკითხვა