„50 წლის მამაკაცმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას... მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მამაკაცის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, მისი რუსული პასპორტი ძალადაკარგულად გამოცხადდა და ექვემდებარება ჩამორთმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, საუბარია, სავარაუდოდ, კან კვარჩიაზე, - დე ფაქტო პარლამენტის წევრზე, რომელიც ამავე დროს ორგანიზაცია „აიდგილარას“ ხელმძღვანელობს.
მანამდე, აფხაზური დე ფაქტო მთავრობისადმი ლოიალური ტელეგრამის არხი, AMRA-life, წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
ამავეს წერს რუსული ტელეგრამის არხი Rybar-ი და დასძენს, რომ იგი, ადგურ არძინბასთან ერთად, იყო „გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ინიციატორი“.
კვარჩიას ჯერ არ გაუვრცელებია ამ საკითხზე კომენტარი.
ის ოკუპირებულ აფხაზეთსი 15 თებერვალს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა კანდიდატურა მოხსნა.
2024 წლის 19 დეკემბერს იგი დე ფაქტო პარლამენტის შენობაში კოლეგის, ადგურ ხარაზიას მიერ სროლის შედეგად დაიჭრა. ინციდენტის დროს მოკლეს დე ფაქტო პარლამენტის წევრი, ვახტანგ გოლანძია.
2024 წელს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრებსაც, - გარი მულდაროვს, დავით სანაკოევსა და ძამბოლატ მედოევს.