
მარია ალავიძე საქართველოს ცურვისა და მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა – 18 წლის ქართველი მხატვრული მოცურავე პირველია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელით სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო თასზე მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.
მსოფლიო საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში ქალთა შორის 18 წლის ქართველი სპორტსმენი 1219.8 ქულით ლიდერობს.
ალავიძემ მხატვრული ცურვის მსოფლიო თასზე თავისუფალ სოლო პროგრამაში 200,7612 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მარიას სხვა სპორტსმენებისგან გამოარჩევდა ცურვის ლამაზი, ესთეტიკური სტილი, რაც ჟიურის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
მარია ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მუდამ მაღალ დონეზე ასპარეზობდა, თუმცა საპრიზო სამეულში მოხვედრამდე სულ ცოტა აკლდებოდა ხოლმე, ამჯერად კი დასახული მიზნის მიღწევა შეძლო – პრიზიორიც გახდა და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერიც.
ნუცა ყაველაშვილი