20-მდე ორგანიზაცია ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

3 hours ago 3

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრებას, რასაც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა, რაც რუსულ-ბელარუსული სტილის ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ქმედებაა, როდესაც განსხვავებული, კრიტიკული აზრი ავტორიტარების მთავარი მტერი და სამიზნეა. ფაქტია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზედმიწევნით ზუსტად აკოპირებს და ამკვიდრებს საუკეთესო რუსულ გამოცდილებას და ცდილობს, საზოგადოება შეაგუოს მოცემულობას, როდესაც ადამიანები მათი პირადი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოხატვისთვის ისჯებიან და ამგვარი მიდგომა ნორმად აქციოს“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მათი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ წლებია, სამართალდამცველი ორგანოები, სასამართლო სისტემა, კომუნიკაციების კომისია და პარლამენტი დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი გაჩუმების ინსტრუმენტებად აქვს ქცეული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კოორდინირებული შეტევებითა და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით კრიტიკული მედიის საბოლოოდ განეიტრალებასა და საჯარო სივრციდან განდევნას ცდილობს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მუხლი, რომლის საფუძველზეც ვახო სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ამ კოდექსს 2025 წლის თებერვალში დაუმატა დაჩქარებული პროცედურით, რაც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასდა. სწორედ ამ მუხლის აღსასრულებლად შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სტრუქტურა, რომელსაც საზოგადოებაში ირონიულად „სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტს“ უწოდებენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ვახო სანაიას, კრიტიკულ მედიასა და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის სამიზნე გახდა. დამოუკიდებელი მედია ფასდაუდებელ სამსახურს სწევს ქვეყნისთვის ამ კრიტიკულად გადამწყვეტ მომენტში და შეზღუდული რესურსების პირობებშიც სათანადოდ ახდენს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
  2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  3. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  4. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  5. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  6. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდი
  7. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  8. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  9. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  10. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა Georgian Democracy Initiative
  12. მწვანე ალტერნატივა
  13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  14. საქართველოს ევროპული ორბიტა
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
  17. პრევენცია პროგრესისთვის
  18. საქართველოს მომავლის აკადემია
სრულად წაკითხვა