2024 წელს ევროპაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობები დაფიქსირდა 2013 წლის შემდეგ, კონტინენტის მდინარეების ქსელის 30%-ში წყლის დონემ მაღალ ზღვარს გადააჭარბა, – ნათქვამია კოპერნიკის კლიმატური ცვლილებების სამსახურისა და მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ერთობლივ ანგარიშში. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მოხსენების თანახმად, 2024 წელს წყალდიდობის შედეგად ევროპაში, სულ ცოტა, 335 ადამიანი დაიღუპა და 410 000-ზე მეტი დაზარალდა. სტიქიის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მიადგა.
2024 წელი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უხვნალექიანი წელი აღმოჩნდა 1950 წლის შემდეგ, ქარიშხლებისა და წყალდიდობების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 18 მილიარდ ევროს გადააჭარბა. მეცნიერები ამინდის ექსტრემალურ პირობებს კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.
მას შემდეგ, რაც დაკვირვება და აღრიცხვა დაიწყო, 2024 წელი ყველაზე თბილი წელი იყო როგორც გლობალური მასშტაბით, ისე ევროპისთვის. ჩვენი პლანეტა ახლა დაახლოებით 1.3ºC-ით უფრო თბილია, ვიდრე ინდუსტრიამდელ პერიოდში, რაც, ძირითადად, ადამიანის საქმიანობის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროპის კონტინენტის მასშტაბით ექსტრემალური ამინდი დაფიქსირდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რეკორდულად ხანგრძლივი სიცხე იყო, რომელიც 13 დღეს გაგრძელდა. სკანდინავიის მყინვარები რეკორდული სიჩქარით დნება. აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ნალექის ნაკლებობა და გვალვა დაფიქსირდა, მაშინ როცა დასავლეთ ევროპა წყალდიდობამ დააზარალა. გასული წლის ოქტომბრის ბოლოს ვალენსიაში მომხდარმა წყალდიდობამ 232 ადამიანი იმსხვერპლა. სექტემბერში ცენტრალური ევროპის ქვეყნებს – ავსტრიას, ჩეხეთს, გერმანიასა და სლოვაკეთს ქარიშხალი „ბორისი“ დაატყდა თავს.
კლიმატური ცვლილებების გარდა, წყალდიდობასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტორებს შორის მეცნიერები მდინარეების მართვასა და ურბანულ დაგეგმარებას ასახელებენ.
ანგარიშში აღნიშნულია დადებითი ტენდენციებიც, მათ შორის, ის, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებით 2024 წელს ევროპაში რეკორდულად ბევრი ენერგია გამომუშავდა, ამასთან, ევროპული ქალაქების უმეტესობას შემუშავებული აქვს კლიმატის ცვლილებასთან უკეთ ადაპტაციის გეგმა.
ნანა ძნელაძე