24-მდე გაიზარდა ლოს-ანჯელესის ოლქში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

7 hours ago 2

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ერთი კვირაა ებრძვიან ტყეებიდან 7 იანვარს დაწყებულ მასშტაბურ ხანძარს, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ რაიონებზე და ათასობით სახლი და სხვა შენობა გაანადგურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 12 ინვრის მდგომარეობით, ხანძრის შედეგად დაღუპულია 24 ადამიანი. ერთი დღით ადრე დადასტურებული იყო 11 ადამიანის სიკვდილი.

ხანძრის ყველაზე მასშტაბური კერა, რომელმაც პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში დაახლოებით 96კმ² მოიცვა, 12 იანვრისთვის ლოკალიზებული იყო მხოლოდ 13%-ით. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. კიდევ ერთ, ალტადენის რაიონში ხანძარი ლოკალიზებული იყო 27%-ით.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე კვლავ მაღალია, რადგან ამ კვირის დასაწყისში ისევ მოსალოდნელია გასული კვირის ბოლოს შედარებით შესუსტებული ქარის გაძლიერება.

ხანძრით განადგურებული უბანი ლოს-ანჯელესის ოლქის ალტადენის რაიონში

ხანძრით განადგურებული უბანი ლოს-ანჯელესის ოლქის ალტადენის რაიონში

ხანძრის შედეგად განადგურებულია 10 000-ზე მეტი სახლი და სხვა შენობა. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია დაახლოებით 180 000 ადამიანი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა.

სრულად წაკითხვა