27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში არსებული ამინდი შენარჩუნდება — გარემოს სააგენტო

1 month ago 12

27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გურიაში რამდენიმედღიან დიდთოვლობას უკვე მოჰყვა მსხვერპლი.

იმის გამო, რომ დიდთოვლობამ შეაფერხა ტრანსპორტის გადაადგილება, ადგილზე შეზღუდულია სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ბრიგადების მოძრაობაც.

20 თებერვლის შემდეგ გურიაში დიდთოვლობის გამო, შეჩერებულია სასწავლო პროცესი, საგზაო მოძრაობა. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. მოსახლეობას ელევა ან უკვე გამოელია საკვების მარაგი, წამლები. ინგრევა სახლები ან დანგრევის პირასაა, მათ შორის ოჯახები, სადაც მხოლოდ მარტოხელა მოხუცები ცხოვრობენ, ან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილები ჰყავთ.

ზოგიერთი სოფლიდან, რომელიც გარე სამყაროს სხვებზე მეტად მოწყვეტილია, მოსახლეობის ევაკუაციასაც ითხოვენ. ზოგიერთ სოფელში სამაშველო ჯგუფები ჯერ კიდევ ვერ ჩადიან და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ აქვთ.

ფოტოზე: ოზურგეთი, სოფელი ორმეთი, ადგილობრივების ფოტო

წაიკითხეთ ვრცლად:

სრულად წაკითხვა